გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენა მიმდინარეობს.
დაკავებული მორაგბეების ადვოკატი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ მორაგბეები ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში არ მონაწილეობდნენ და ორივე მათგანი თბილისიდან მცხეთაში თავიანთი მეგობრების წამოსაყვანად ჩავიდნენ.
მისივე თქმით, მორაგბეები კატეგორიულად უარყოფენ რაიმე საგნის გამოყენებას. ადვოკატის თქმით, მორაგბეებს ბრალს სავარაუდოდ კონფლიქტის ერთ ერთი მონაწილის, გური ამირხანაშვილისთვის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის წაუყენებენ.
რა თქმა უნდა ისინი არ აღიარებენ ბრალს და თავს მიიჩნევენ უდანაშაულოდ. ასევე უარყოფენ ყოველგვარ მონაწილეობას რაიმე სახის დაპირისპირება, ან კონფლიქტში. ვიცით, რომ კიდევ ოთხი პირი იჯდა იმ მანქნაში, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთის სახელი და გვარი ჩვენთვის ცნობილი არ არის- აცხადებს ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე
მორაგბეების გარდა, დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ კიდევ ერთ დაკავებულს, ფეხბურთელ ირაკლი წაქაძეს. წაქაძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ძალადობას გულისხმობს.
როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ინციდენტის მხოლოდ პირველ ეპიზოდში მონაწილეობდა და გიორგი შაქარაშვილს იცნობდა.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირველი ეპიზოდის მონაწილეა. გიორგი შაქარაშვილი ფეხბურთელი იყო, ირაკლი წაქაძეც და ნაცნობ-მეგობრობა ჰქონდათ. ის საბურთალოს მხრიდან იყო" - აცხადებს გაიოზ ჩარკვიანი.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის ბრალი წარდეგინა კიდევ ერთ დაკავებულს, ვახტან ჩიქოვანს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ჩიქოვანი სრულად უდანაშაულოა და ბრალს არ აღიარებს.
სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გუშინ სულ 17 პირი დააკავეს.
დაკავებულებს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ხულიგნობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.