სავარაუდო ძალადობისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის უმძიმესი ფაქტი შიდა ქართლში - ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები თანატოლი გოგოს მიმართ ჩადენილი შესაძლო მძიმე დანაშაულისთვის, ბრალის წარდგენის მოლოდინში არიან. შემთხვევას, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, მთელი საგანმანათლებლო სისტემა და ძალოვანი უწყება მალავდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, მე-9 კლასის მოსწავლეს, რამდენიმე ბიჭმა გაზიან სასმელში მედიკამენტები ჩაუყარა, რის შემდეგაც გოგონამ გონება დაკარგა, ამის შემდეგ კი ის გააშიშვლეს და ფოტოები გადაუღეს, რითიც შემდგომში დააშანტაჟეს რომ გაუვრცელებდნენ:
"ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეს, მეცხრე კლასელ გოგონას, სავარაუდოდ თანატოლმა ბიჭმა, მიუტანა სასმელი, გაზიანი, ჩაუყრიათ წამალი, დააძინეს ეს ბავშვი, წაუყვანიათ მივარდნილ ადგილას და ძალა უხმარიათ. გოგოს არაფერი არ ახსოვს, რამდენიმე ბიჭზე ამბობენ, გოგოს თავის მოკვლაც უცდია და ბიჭები დამუქრებიან არსად არ ეთქვა ეს ფაქტი" ამბობს "მთავარ არხთან" ანონიმური წყარო.
ჰქონდა თუ არა ადგილი კიდევ სექსუალურ ძალადობას, ეს ექსპერტიზის პასუხით გახდება ცნობილი. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ექსპერტიზა მოზარდს უკვე ჩაუტარდა და ახლა პასუხს ელოდებიან.
მომხდარზე სკოლა და რესურსცენტრი დუმს. საგამოძიებო სამსახური კი მომხდარს პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვა - გავრცელების მუხლით სწავლობს.