ვაკეში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი 2 კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ერთ-ერთი დაჭრილი სერგი ქურთიშვილი, რომელსაც ქვედა კიდურებში 10 ტყვია აქვს მოხვედრილი, პალატაში გადაიყვანეს. მეორე დაჭრილი, გიორგი კაჭკაჭაშვილი კი გვიან ღამითვე სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და გამოკითხეს.
"მიმღებ გადაუდებელ განყოფილებაში შემოიყვანეს ორი მამაკაცი, რომლებსაც აღენიშნებოდათ ჭრილობები. ერთს მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა ქვემო კიდურის არეში, ბარძაყის და წვივის, მეორეს წვივის ზემო მესამედში. პირველ მამაკაცს გაეწია პირველადი დახმარება, შემდგომ აყვანილი იქნა სასწრაფო წესით საოპერაციო ბლოკში, სადაც ჩატარდა რევიზიები და ამ ჭრილობების დამუშავება, შემდეგ კი გადმოყვანილი იქნა უკვე პალატაში. მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მეორე მამაკაცს მიმღებშივე გაეწია ჭრილობის დამუშავება, სტაციონალური მკურნალობა არ ესაჭიროებოდა, შესაბამისად გაეწერა ბინაზე ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ", - თქვა ექიმმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ ჰყავს იდენტიფიცირებული 2 შენიღბული და შეიარაღებული თავდამსხმელი, რომლებმაც ახალგაზრდებს ჩასაფრება მოუწყეს და ცეცხლი ათობით თვითმხილველის თვალწინ გაუხსნეს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.