შაქარაშვილის საქმეზე 17 დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული 17 პირიდან 15-ს ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს, ორ მათგანს კი ბრალის დადგენილებას რამდენიმე წუთში წარუდგენენ. თბილისის სამმართველოში პროცედურა უკვე დასრულებულია, თუმცა გრძელდება მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორსა და დუშეთში. 

მცხეთაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებული ბარბაქაძის ადვოკატს ბრალის დადგენილება რამდენიმე წუთის წინ ჩააბარეს. მას ბრალი 225-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს, მისი ადვოკატი კი განმარტავს, რომ ბარბაქაძე იმყოფებოდა წვეულებაზე, თუმცა დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა. 

რაც შეეხება საქმის ერთ-ერთ ფიგურანტს, ვახო ახვლედიანს, მას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს, რადგან მას მრავლობითი სახის დაზიანებები აქვს მიყენებული. ახვლედიანი საუბრობს, რომ მას ეს დაზიანებები სწორედ ბარბაქაძემ მიაყენა. თუმცა, ბარბაქაძის ადვოკატი ამ ფაქტსაც უარყოფს და ამბობს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უდანაშაულოა. 

მას ბრალი წარედგინა დღეს. ჩაგვბარდა დადგენილება. ეს არის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი. ბრალს არ აღიარებს. ის არის გადაყვანილი წინასწარი დაკავების საკანში დუშეთში. ამ ეტაპზე ჯერ არ ჩაგვბარებია მასალები იმიტომ რომ როგორც გვეუბნებიან, მოცულობითია, თუმცა ველოდებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ მიუყენებია დაზიანება და არც იცის ვინ მიაყენა, - ამბობს ადვოკატი გიორგი ფოფხაძე. 

ადვოკატი კიდევ ერთი დაკავებულის ინტერესებსაც იცავს. ეს არის ევროპის ჩემპიონი ძიუდოში, გიგა ტატიაშვილი. მასაც წარუდგინეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. 

დაკავებულების საქმის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ, მას შემდეგ იმსჯელებს, რაც ადვოკატებს საქმის მტკიცებულებები გადაეცემათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი