დაკავებულ ძმებ კაკულიებს ადვოკატი უკვე შეხვდა. დაკავებულები იარაღის უკანონო შენახვაზე ბრალს არ აღიარებენ და ექსპერტიზას ითხოვენ. ადვოკატის თქმით, გუგა და დათა კაკულიებს არაყიშვილზე მომხდარ თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
"ჯერ ოფიციალურად მათ ბრალი არ აქვთ წაყენებული, თუმცა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვას ედავებიან, მათი დაკავება მოხდა დღეს, გამთენიისას. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ თითქოს ორი დღის წინ ვაკეში მომხდარ დაჭრასთან ან იგივე ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან რაიმე შემხებლობა ჰქონდეთ არის სრული აბსურდი და სრული სისულელე. [...] დუმილის უფლებას იყენებენ და ბრალს არ აღიარებენ", - თქვა ადვოკატმა.
ადვოკატი ამბობს, რომ იარაღი, რომლის შენახვასაც მათ აბრალებენ დაკავებულებს თვალითაც არ უნახავთ.
უცნობია როგორ მოახერხეს კაკულიებმა საზღვრის გადმოკვეთა. ბოლო ცნობებით, ისინი სომხეთში იმყოფებოდნენ.
"მთავარის" ინფორმაციით, ისინი არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გამო არიან დაკავებულები და დაკავებამდე, ქვეყნის დატოვებას გეგმავდნენ.
წარსულში არსებობდა ვერსია, რომ ძმები კაკულიები იყვნენ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთები, თუმცა ოფიციალურად ეს ვერსია არ დადასტურებულა. ცნობისთვის, ძმები კაკულიები ე.წ. კანონიერი ქურდის დათო თბილისკის შვილები არიან.
ავტორი: გუგა მაისურაძე.