სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. 15 წლის ბიჭის გადარჩენას მედიკოსები გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. მოზარდს დანით არაერთი მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული, მათ შორის გულმკერდის და მუცლის არეში.
ქუჩურ გარჩევაში 74-ე სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ჩხუბიც სკოლის მიმდებარედ მოხდა.
"მდგომარეობა არის სტაბილური, იმყოფება მართვითი სუნთქვის აპარატზე. აღენიშნებოდა ჭრილობა მუცლის ღრუში შემავალი, მრავლობითი დაზიანებები ნაწლავების, სისხლძარღვების, რომელიც აღდგენილ იქნა ქირურგიული ჩარევით ოპერაციაზე. ამ ეტაპზე, ჩატარებული ჩარევების შედეგად, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - თქვა ექიმმა გოგა ბახტაძემ.
კონფლიქტის ფიგურანტი 20-მდე არასრულწოვანის გამოკითხვა ქალაქის მთავარ სამმართველოში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. არასრულწლოვნები მშობლების თანდასწრებით იკითხებოდნენ. გამოკითხვის შემდეგ კი საგამოძიებო მოქმედებები მათ სახლებშიც გაგრძელდა.
საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაა აღძრული, თუმცა ამ დრომდე პოლიციას არავინ დაუკავებია.