
რამდენიმე წუთის წინ, კლინიკა "ვივა მედში" მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მივიდა. მას იმედი აქვს, რომ ექსპერტებს კლინიკაში დროულად შეუშვებენ და პროცედურა აღარ გაჭიანურდება.
"მე იმედი გამიჩნდა, რომ მოხერხდეს მისი გადარჩენა ამის შემდეგ, თუმცა რაღაც პროცედურებია მოსალოდნელი და რაღაც დღეები კიდევ დასჭირდება. ძალიან სწრაფად თუ გაკეთდება, ეს იქნება ძალიან კარგი.
მძიმე, მძიმე, ძალიან მძიმე გრძნობით გამოვდივარ ყოველთვის და საერთოდ, რომ ვზივარ და ვუყურებ მას ასეთ მდგომარეობაში, ჩემთვის ძალიან მძიმეა იმიტომ, რომ ადამიანი, რომელსაც ვერ გააჩერებდი, ენერგიით სავსე და უცებ ვხედავ, რომ ძვლებია გამოფიტული"- ამბობს გიული ალასანია.
ცნობისთვის, 6 დღიანი ლოდინის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს, სასამართლო განჩინება გადასცეს. შოთა თუთბერიძემ , ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილება, დღეს საქალაქო სასამართლოდან აიღო; ადვოკატის განმარტებით, განჩინების გადაცემის შემდეგ, მედიკოსები, მიხეილ სააკაშვილთან დაუყოვნებლივ უნდა შეუშვან და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შეფასება დროულად უნდა დაიწყოს.