თბილისში დაჭრილი 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა ექიმის ინფორმაციით, მოზარდი მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება.
"მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად რჩება მძიმედ. იმყოფება რეანიმაციაში, მაგრამ დადებითი შემიძლია ვთქვა ის, რომ ბავშვი მოიხსნა მართვითი სუნთქვის აპარატიდან და მოხერხდა მისი გაღვიძება. ჭრილობები ჰქონდა გულ-მკერდისა და მუცლის არეში. ამ ეტაპისთვის, თუ ყველაფერი სტაბილურად დადებითად გაგრძელდა, ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება", - თქვა ექიმმა, გოგა ბახტაძემ.
რაც შეეხება დაკავებულს, 15 წლის მოზარდი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. მას სახელმწიფო ბრალდება არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 15 წლის მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.
ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
სისხლიანი გარჩევა მოსწავლეებს შორის, 74-ე სკოლაში დაიწყო და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. კონფლიქტში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა.