
11 წლის მოზარის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. დაცვის მხარე ბრალდებულის 10 ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
თავად მძიმე დანაშაულში ბრალდებულმა კი სასამართლოზე ყველაფერი უარყო და თქვა, რომ მოზარდმა ამბავი გამოიგონა. პროკურორის თქმით კი საქმეში ბავშვი ს ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულებებიც დევს.
დაცვის მხარე წინასწარი პატიმრობის გასაჩივრებას აპირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, არასრულწლოვანი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, მის გაუპატიურებას შეეცადა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებული 31 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა (გაუპატიურების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.