ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს.
გიორგი გელხაურის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის კონფლიქტში რაიმე სახით მონაწილეობას მოწმეებიც უარყოფენ. მათ შორის არის გურამ ამირხანაშვილი, რომელმაც როგორც ადვოკატი ამბობს, არასრულწლოვნის კონფლიქტში მონაწილეობა არ და დაასტურა.
გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალები გასულ ღამეს გვიან გადასცეს, რის გამოც დაცვის მხარეს სასამართლო სხდომისთვის სრულყოფილად მომზადების დრო არ ჰქონდა.
არის გურამ ამირხანაშვილის არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებაა. ისმის კითხვა, რომელ ჩვენებას ვუჯერებთ, რომელ ჩვენებას დაუჯერა პროკურატურამ და რატომ დაუჯერა იმ ჩვენებას, სადაც ამბობს, რომ თითქოს იძულების წესით წაიყვანეს ზემოთაღნიშნულმა პირებმა თბილისში - ამბობს გელხაური
დაკავებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე იმედოვნებს, რომ საქმე პოლიტიზირებული არ იქნება
ვიდეო ჩანაწერში, რომელშიც „ტოიოტა კამრიში“ სხედან ადამიანები ჩერდება რამდენიმე წამი და კვლავ იძვრის. სად ჩანს, რომ ვინმე ვინმეს მისდევს? - ამბობს კობაიძე
ერთ ერთი დაკავებულის, ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილის ადვოკატი ითხოვს, რომ ტატიაშვილის მიმართ რაიმე აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ იყოს გამოყენებული.
აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი არის გამოკეტილი გისოსებს მიღმა. როგორც სიტუაცია და მცდელობა საზოგადოებრივი აზრის შექმნისა მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად არც სასამართლოსგან და არც პროკურატურისაგან დიდ შეღავათს არ ველოდებით - ამბობს გიორგი ყიფშიძე
ბრალდებას არ აღიარებს არც თენგო ბარბაქაძე. როგორც მისი უფლებადამცველი ამბობს, ბრალდებული არც პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ფიგურირებს.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მცხეთის სასამართლო მსჯელობს. სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროკურატურა ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
სასამართლო სხდომის დაწყების წინ, ბრალდებულების ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბარლეულობა არ დაადასტურეს. ისინი ამბობენ, რომ დაკავებული ახალგაზრდები დანაშაულს არ აღიარებენ
გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე წარუდგინა.