
დავით ბერძენიშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს, ირაკლი ხომასურიძეს სასამართლომ აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა:
"გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ვაპირებდი გასვლას სათათბირო ოთახში , მართლა ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არ ვიყავი ჩამოყალიბებული რა გადაწყვეტილებას მივიღებდი , მაგრამ აღარ გავალ იმის გათვალისწინებით, რაც ბრალდებულის ნათქვამიდან, ქმედებებიდან გამომდინარე დავინახეთ- ეს კაცი არის ყველაზე გაბრაზებული, შესაბამისად თუ ასეთ გაბრაზებას აქ გამოხატავს და ჩემს მიერ არაერთი მოწოდებისა დაწყნარებულიყო, მაქსიმალურად ვეცადე დარჩენილიყო პროცესზე ბოლომდე, მაგრამ არ მომცა ამის საშუალება, აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება." განმარტა მოსამართლემ
ხომასურიძეს პროკურატურამ ბრალი პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ძალადობით განხორციელებული დევნის ფაქტზე წარუდგინა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე აღკვეთის სახით პატიმრობას ითხოვდა.
ადვოკატი კი ამტკიცებდა, რომ ხომასურიძე უკანონოდ დააკავეს და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ უნდა გამოყენებულიყო.
მისივე თქმით, ხომასურიძეს თავს ბერძენიშვილი დაესხა და "ფსკვნილი ჩამოგლიჯა".
თავდასხმა ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 6 ივნისს მოხდა.