
ქეიფი და დროს ტარება სროლის ფონზე - სოციალურ ქსელში ვრცელდება მცხეთაში გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ ისვრის ავტომატიდან რესტორან "მარანი ჰოლის" ერთ-ერთი სტუმარი. იქვე დგას ათამდე ადამიანი. იარაღი სხვასაც აქვს.
რესტორანი მცხეთაში დასახლებულ პუნქტთან ახლოს არის. შენობის დაცვა ადასტურებს, რომ კადრებში მათი რესტორანი ჩანს, თუმცა ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტის შესახებ არაფერი სმენიათ.
კადრები სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ არის გადაღებული. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ადგილზე საპატრულო პოლიციაც იყო მისული.
ამ დრომდე უცნობია, მოჰყვა თუ არა რეაგირება ამ ფაქტს, ან არიან თუ არა იდენტიფიცირებული ის ადამიანები, რომლებიც ავტომატიდან შუა ქალაქში ისვრიან. განმარტებებს ჯერ-ჯერობით არც შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს.