ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის სკოლის დირექტორს მოსწავლის ბულინგსა შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. ადვოკატის განცხადებით, 16 წლის გოგომ ფაქტის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და დაზიანებები მიიყენა.
უფლებადამცველი ამბობს, რომ მოსწავლე იძულებული გახდა სხვა სკოლაში გადასულიყო.
"მთავარი არხთან" დირექტორის და სკოლის მასწავლებლები კომენტარს არ აკეთებენ. თავდაპირველად სკოლის ხელმძღვანელმა შენობაში მყოფი მასწავლებლებიც ჩაკეტა, რათა მედია სკოლაში არ შესულიყო.
"სკოლის ავტობუსი უნდა დანიშნულიყო მოსწავლეების მიყვანა-მოყვანასთან დაკავშირებით, სადაც სურვილი გამოთქვა ერთ-ერთი თანამშრომლის, პედაგოგის მეუღლემ. ამას შეეწინააღმდეგა დირექტორი, რომელმაც სპეციალურად ამ საკითხთან დაკავშირებით მოაწყო სამეურვეო საბჭოს სხდომა, მონაწილეობას იღებდა ერთ-ერთი არასრულწლოვანი, 16 წლის გოგონა, რომელიც გახლდათ კომისიის წევრი. დირექტორმა მასზე განახორციელა გაუგონარი სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ზეწოლა, მის მშობლებს მოიხსენიებდა აუგად, ლანძღავდა, რის გამოც 16 წლის გოგომ სცადა თვითმკვლელობა", - ამბობს ადვოკატი.
ის ითხოვს, რომ დადგინდეს იკვეთება თუ არა დირექტორის ბრალეულობა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სკოლაში სამართალდამცავებმა პედაგოგები გამოკითხეს.