ვერ ვხედავ ნაბიჯებს, რომ გამოძიებას ჭეშმარიტების დადგენა უნდა - შაქარაშვილის საქმის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

19 წლის ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები ქართულ სასამართლო სისტემას არ ენდობიან და მისი გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრებას აპირებენ. ამ წუთებში დაკავებული რაგბისტების ადვოკატი გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. ალექსანდრე კობაიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფებს შეხვდება და საქმის გასაჩივრების დეტალებს დააზუსტებს. 

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ სხვა დასკავებულების ადვოკატებიც. მათი თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რაც მათ ბრალეულობას დაადასტურებდა.

ადვოკატები აცხადებენ, რომ ქართულ სასამართლოს ჭეშმარიტების დადგენა არ სურს. 

ყველაფერი, რაც ამ საქმეში ხდება, ხდება არა იმისთვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მოხდეს და ვიღაცამ დაანახოს საზოგადოება, რომ აი, გამოძიება ჩატარდა და დაკავეს 17 მოძალადე. მე ვერ ვხედავ ამ საქმეში ვერანაირ ნაბიჯს, რომ გამოიკვეთოს, რა დაემართა გიორგი შაქარაშვილს, - ამბობს ადვოკატი გიორგი ყიფშიძე.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია ერთი არასრულწლოვანიც, რომლის ადვოკატიც ამბობს, რომ სასამართლომ მისი ინტერესები არ გაითვალისწინა და ისე დატოვა პატიმრობაში. გიორგი გელხაური აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციის მხრიდან ძალადობის კვალი აღენიშნება, რის გამოც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართეს.  

ჩვენების მიღებისას იძულებას ჰქონდა ადგილი, ეს დადგენილია და ამასთან დაკავშირებით დეტალური ჩვენება აქვს მიცემული არასრულწლოვანს და მის მამას. მოთხოვნა იყო ასეთი, რომ მას უნდა დაენახა სად გაიქცა შაქარაშვილი და ვინ გაჰყვა მას. ამაზე მან განუცხადა, რომ ეს დეტალები არ იცოდა და იძულების წესით დააწერინეს, რომ შაქარაშვილი გარბოდა ხიდის ქვეშ, - აღნიშნავს გელხაური.

გელხაური ამბობს იმასაც, რომ გუკა ამირხანაშვილის ჩვენება, რის საფუძველზეც არასრულწლოვანია დაკავებული, წინააღმდეგობრივია.

გარდაცვლილის ოჯახი კი აცხადებს, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და დაკავებების სერიის გაგრძელებას არ გამორიცხავენ. მათი ინფორმაციით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ექსპერტიზის პასუხი ცნობილი სავარაუდოდ ერთ კვირაში გახდება.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი