
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 2005 წელს დაბადებული გ.თ. და 2003 წელს დაბადებული მ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 8 ივნისს, ღამის საათებში, გორში, სუპერმარკეტების ქსელ „ლიბრეს“ ფილიალს ყაჩაღურად თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა სუპერმარკეტის მოლარესა და კონსულტანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, შემდეგ კი სუპერმარკეტიდან გაიტაცეს სეიფი მასში მოთავსებული 815 ლარით.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ორივე ბრალდებული დააკავა", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.