გარემოს დაცვის სამინისტრო დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყის გადაცემაზე დოკუმენტებს მალავს - უწყების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს

გამოქვეყნდა:

სასამართლო დავა გარემოს დაცვის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ - "მწვანე ალტერნატივამ" და ონლაინ გამოცემა "მთის ამბებმა" თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

ისინი სამინისტროსგან რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებული ბიზნესმენისთვის, დავით ხიდაშელისთვის, რაჭასა და ქვემო სვანეთში, 104 712 ჰექტარი ტყის 49 წლით გადაცემაზე დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას მოითხოვენ.

"ეს არის ელემენტარული ინფორმაცია, რომელიც წესით დაინტერესებულ საზოგადოებას მოთხოვნის გარეშე უნდა მიეწოდებოდეს. სამინისტრო თუ კარგ საქმეს აკეთებს, არაფერი დასამალი არ არის. ცოტა გაკვირვებული ვართ, იმიტომ, რომ ასეთი ელემენტარულ ინფორმაციაზე უარი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არ გამიგია, რომ არ გვაძლევდნენ. მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ დოკუმენტაცია არ არის სრულყოფილი და შეიძლება, დროს იგებდნენ. მეორე ის, რომ ფიქრობენ, რაღაც კანონდარღვევით აქვთ უკვე გაცემული და როდესაც გადმოგვცემენ დოკუმენტაციას, შესაძლოა, ჩვენ შევიტანოთ ადგილობრივ სასამართლოში ან მივმართოთ ევროპულ სტრუქტურებს, კერძოდ ვენის კონვენციას. ეს ლიცენზია ნაწილობრივ ფარავს ვენის კონვენციით დაცულ ზურმუხტის ქსელის საიტებს, ეს კი არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ერთ-ერთი ვალდებულება", - ამბობს "მწვანე ალტერნატივას" ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი, ირაკლი მაჭარაშვილი.

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მანამდე ის განმარტავდა, რომ ტერიტორია საინვესტიციო ვალდებულებებით გადაეცა. კერძოდ, 5 მილიონი უნდა დახარჯოს იმისთვის, რომ კეთილშობილი ირემისა და კავკასიური დომბის დაბრუნება/გამრავლებაზე იზრუნოს. ექსპერტები პროექტს სკეპტიკურად უყურებენ და აღნიშნავენ, საკითხთან დაკავშირებით არაერთი კითხვის ნიშნები ჩნდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი