გორის ხელისუფლება მორიგ სკანდალში ეხვევა - საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელი ქრთამის აღებაშია მხილებული. საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს.
მაია შარაშენიძე, რომელსაც ქრთამის აღებას ედავებიან, გორის მერიას დაქვემდებარებული კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს პროექტების მენეჯერია. ის ოფიციალურად სამსახურიდან ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ. თანამშრომლების თქმით, შარაშენიძე შვებულებაში იმყოფება.
ბრალდებულის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ შარაშენიძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
შარაშენიძის ინტერესებს იცავს ადვოკატი თამარ თედლიაშვილი, რომელიც ამბობს, რომ გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი და დეტალებზე არ საუბრობს. თუმცა "მთავარი არხის" ინფორმაციით, საქმე ეხება დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას, რა დროსაც შარაშენიძემ ერთ-ერთ კომპანიას კონკრეტული მომსახურების სანაცვლოდ ხელშეკრულება გაუფორმა და ამაში ქრთამი აიღო.
"გიდასტურებთ, რომ ვიცავ საჯარო მოხელის ინტერესებს. მიმდინარეობს გამოძიება. აღკვეთის საქმეზე სასამართლომ იმსჯელა და გირაოა გამოყენებული. მაქვს ვალდებულება არ გავახმაურო გამოძიების ინფორმაცია, სხვა დეტალის მოხსენებისა და გასაჯაროვებისგან თავს შევიკავებ. ედავებიან ქრთამს. ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით, თავს შევიკავებ კომენტარზე"- ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ გორის მერიას დაქვემდებარებული კულტურისა და ტურიზმის სააგენტო, ერთ-ერთი მსხვილი საბიუჯეტო ორგანიზაციაა, რომელიც სკანდალში უკვე არაერთხელ გაეხვა. კერძოდ სწორედ ამ სააგენტოში ბიტკოინების ქარხანას ამუშავებდნენ, ხოლო სააგენტოს ბუღალტერი ათობით ათას ლარს ტოტალიზატორებში ირიცხავდა. ქართულ ოცნებაში ისევ ამბობენ, რომ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.