უჩა მამაცაშვილი „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წინააღმდეგ - სასამართლოზე მოწმის სახით, ზურაბ ნოღაიდელი გამოიძახეს

გამოქვეყნდა:

უჩა მამაცაშვილი მორალური ზიანისთვის ანტიკორუფციული მოძრაობისგან 150 000 ლარს ითხოვს. საქალაქო სასამართლო ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის სარჩელს განიხილავს.  

საუბარია ანტიკორუფციული მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც მამაცაშვილი ქოლ-ცენტრების მფარველობაში ამხილეს. მამაცაშვილი ორგანიზაციას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

პროცესზე შუამდგომლობების დასაშვებობაზე იმსჯელეს. უჩა მამაცაშვილის უფლებადამცველებმა მოწმის სახით ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვა მოითხოვეს, რომელიც კომპანია "ელ გრინს" წარმოადგენს, სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ნოღაიდელი არის საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პირი და მოსარჩელე მხარემ მოითხოვა, მისთვის დაესვათ კითხვები: არის თუ არა მამაცაშვილი ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებული.  

"ზურაბ ნოღაიდელი ჩვენი ინფორმაციით არის საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის ბიზნესით დაკავებული კომპანიის წარმომადგენელი. მიგვაჩნია, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც იქნება სასამართლოში დაადასტურებს, რომ ყველა განცხადება, რომელსაც აკეთებდა ანტიკორუფციული მოძრაობა, იყო ცილისწამება და ტყუილი",- თქვა ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა. 

ამავდროულად, მოსამართლემ დაუშვებლად მიიჩნია ანტიკორუფციული მოძრაობის შუამდგომლობა, რომ მოწმის სახით, ლევან ხაბეიშვილი გამოკითხულიყო. დაცვის მხარის თქმით, ხაბეიშვილი ინფორმაციას ფლობს "ქოლ-ცენტრებთან" დაკავშირებით. მოპასუხე მხარემ ასევე მოითხოვა დახმარება, მიიღოს ინფორმაცია ხელშეკრულებებზე ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით. 

"კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რომ უჩა მამაცაშვილი ნამდვილად არის ამ ქვეყანაში არაფორმალური მმართველი. იმიტომ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებები და უჩა მამაცაშვილის პოზიციები ერთი-ერთში ემთხვეოდა. მაგალითად მოწმეებთან მიმართებაში",- თქვა ვასო ურუშაძემ. 

ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენლებს სოლიდარობა გამოუცხადეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა. სასამართლოს ეზოში გიგი უგულავამ თქვა, რომ "უჩა მამაცაშვილის მეშვეობით ივანიშვილი აფინანსებს ყველა შავბნელ საქმეს, რასაც ღიად არ აკეთებს"

მოსამზადებელი სასამართლო სხდომა დასრულდა და მომდევნო პროცესი 6 ივლისს ჩაინიშნა. მომდევნო პროცესზე უკვე მხარეების მიერ მოთხოვნილი მოწმეები გამოიკითხებიან

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი