ბიუჯეტის გაფლანგვა, თაღლითობა, მითვისება - აუდიტმა პროკურატურას გამოსაძიებლად 19 ანგარიში გადაუგზავნა

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აუდიტმა პროკურატურას 19 ანგარიში გადაუგზავნა, საიდანაც 18-ზე გამოძიება დაიწყო. განცხადება ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ერეკლე მექვაბიშვილმა საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. სხდომაზე დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის ანგარიშს განიხილავენ.

მექვაბიშვილის ცნობით, პროკურატურისთვის გადაგზავნილი საქმეებიდან, განაჩენი დამდგარია დაახლოებით ნახევარზე მეტ საქმეზე. 

"გასულ წელს, პანდემიის მიუხედავად, 50-მდე აუდიტის ჩატარება შევძელით. ჩვენი აუდიტების ჯამური ციფრი დარღვევებიდან გამომდინარე არის 107 მილიონი ლარი.

პროკურატურაში, მაღალი რისკიანობიდან გამომდინარე, გადაგზავნილი გვაქვს 19 ანგარიში, საიდანაც 18 -ზე დაწყებულია გამოძიება. საქმეები ძირითადად აღძრულია საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა-მითვისებაზე, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაზე, გულგრილობასა და თაღლითობაზე. ბოლო პერიოდში, რაც ახლა მახსენდება, ეს არის თაღლითობის ფაქტი, რომელიც აღმოვაჩინეთ გორის მუნიციპალიტეტში, ასევე ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო საკმაოდ მასშტაბური თაღლითობის ფაქტები,"- განაცხადა მექვაბიშვილმა.

მისივე თქმით, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები 43%-ით სრულად შესრულებული, 17% ნაწილობრივ, ხოლო 305-ს შესრულების მიმდინარე სტატუსი აქვს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი