"ხიდის ინციდენტი" - ტრაგიკული საქმის ახალი დეტალები და მთავარი მოწმეების ჩვენებები

გამოქვეყნდა:

19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავების მოპოვებული ყველა ჩვენება და დოკუმენტი 10 ტომშია მოთავსებული. 

"მთავარის" მიერ მოპოვებული მოწმეთა ჩვენებებით შესაძლებელია იმის დადგენა თუ რა მოხდა 18 ივნისს დაბადების დღისთვის ნაქირავებ აგარაკზე. მოწმეთა ჩვენებებით მტკიცდება რომ დაპირისპირება თავიდან არასერიოზული მიზეზით დაიწყო. იუბილარის მეგობრების ორი ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს მანამდე არ იცნობდნენ, ჯერ სიტყვიერად წაკინკლავდნენ, შემდეგ კი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. რა დროსაც სხეულის სხვადასხვა დაზიანება ორივე ჯგუფის წარმომადგენელმა მიიღო.  

ე.წ. ხიდის ეპიზოდი ასე იწყება: იმის გამო რომ მანქანებში საკმარისი ადგილი არ იყო გიორგი შაქარაშვილი, გური ამირხანაშვილი, ვახო ახვლედიანი, გიორგი ქათამაძე, კოკი ღიბრაძე და იაკობ ბრეგვაძე ტაქსის ან ავტოსტოპზე გამვლელი მანქანის გაჩერების იმედით, ცენტრალურ მაგისტრალზე ავიდნენ. როგორც ჩანს უმანქანოდ დარჩენილები იყვნენ იმ ჯგუფის წევრებიც რომლებთანაც მანამდე დაპირისპირება მოხდა.

ერთ ერთი არასრულწლოვნის ჩვენება: 

გ.მ : გადმოვკვეთეთ ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი თბილისის მიმართულებით და განვაგრძეთ გზა, რა დროსაც შევხვდით ამავე მიმართულებით მიმავალ ნახსენებ წვეულებაზე გაცნობილ გიორგი ქათამაძეს, კონსტანტინე ღიბრაძეს, ვახტანგ ახვლდენს და გიორგი შაქარაშვილს. მე და ლ. შ-მ კონსტანტინე ღიბრაძეს გავუცვალეთ მობილური ტელეფონის ნომრები რადგან შევხვედროდით შემდგომ დღეებში ერთმანეთს და  გაგვერკვია მანამდე  მომხდარი შეხლა -შემოხლის ამბავი. ამავდროულად ქათამაძე ცდილობდა ჩემთან და ლ.შ.ს-თან სიტუაციის დაძაბვას, ვინაიდან ჩემი აზრით იყვნენ რიცხობრივად მეტნი და უნდოდათ მე და ლ-ს ფიზიკურად გაგვსწორებოდნენ

განსხვავებულია თავად ქათამაძის ვერსია ამ საუბარზე:

გიორგი ქათამაძე: უკნიდან წამოგვეწია ჩემთვის უცნობი ორი პიროვნება რომლებმაც გვითხრეს რომ სურდათ მომდევნო დღეებში ჩვენთან შეხვედრა და საუბარი და გვითხრეს რომ მიგვეცა ტელეფონის ნომერი რათა დაგვკავშირებოდნენ. ვინაიდან იმ მომენტში მათთან საუბრის სურვილი არ მქონდა, ვუკარნახე ჩემი ნომერი რათა დაენებებინათ თავი და გავაგრძელეთ გზა. 

გზა ხიდის ბოლომდე ფოტოგრაფ ბრეგვაძეს ტელეფონით ჰქონდა გადაღებული, მასალა კი პროკურატურამ 2 დღის წინ გაასაჯაროვა. გიორგი ქათამაძის ჩვენებით, სწორედ ხიდის ბოლოს წამოეწია მათ ვერცხლისფერი მანქანა, რომლის მგზავრებმაც ის და მისი ორი მეგობარი სცემეს. 

ქათამაძე: მანქანა გაჩერდა ჩვენს წინ, საიდანაც გადმოვიდა 4 ჩემთვის უცნობი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთს რომელიც იყო სრული აღნაგობის, ხელში ეჭირა რაღაც ჩემთვის უცნობი გრძელი საგანი, რომელიც მოუქნია კონსტანტინე ღიბრაძეს, თუმცა მოხვდა თუ არა მოქნეული საგანი კონსტანტინე ღიბრაძეს არ მახსოვს, რადგან ამ დროს მოულოდნელად გონება დავკარგე. როდესაც გონებაზე მოვედი ბუნდოვნად ვხედავდი რომ წელში მოხრილი ბორძიკით მივდიოდი ხიდის მიმართულებით და უკნიდან რამდენიმე პიროვნება მირტყამდა თავში, მაგრამ მე ვერ ვხედავდი თუ რას მირტყამდნენ, მახსოვს რომ მივუახლოვდი ხიდის მოაჯირს, სადაც იდო გრძელი რკინა და აღნიშნულ რკინას დავეყრდენი. უცნობმა პიროვნებებმა შეწყვიტეს ჩემი ცემა.

სრული აღნაგობის პირი ვისაც ქათამაძის ჩვენებით ხელში რაღაც ნივთი ეჭირა მორაგბე ნიკა ჟვანიაა. საკუთარ ჩვენებაში ის ყვება რომ დახმარებისთვის მას ერთერთმა არასრულწლოვანმა მიმართა, რომელსაც დაბადების დღეზე ჩხუბი მოუვიდა. 

ნიკა ჟვანია: ნ.ც-მ და  მისმა თანაკლასელებმა მე განმიცხადეს, რომ მათ თანაკლასელი გოგონას დაბადების დღეზე ყოფნისას ჩხუბი მოუვიდათ მათთვის უცხო ბიჭებთან, რომლის დროსაც ისინი სცემეს და აცხადებდნენ, რომ ისევ წასულიყვნენ აღნიშნული პიროვნებების სანახავად, რადგან მათ აშკარად ეტყობოდათ, რომ იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და ამასთანავე, უკვე იყო გვიანი ღამე. ჩემი მოწოდების პასუხად, ნ.ც-მ განმიცხადა,  რომ ჩხუბის ადგილას დარჩენილი იყვნენ მათი თანაკლასელი და ასევე ჩემი მეგობარი გ.მ. და კიდევ ერთი მათი თანაკლასელი.

ნიკა ჟვანია ჩვენებაში ამტკიცებს რომ ახალგაზრდებს მეგობრების ჩამოსაყვანად გაყვა. ასევე ყვება რომ გზაში ავტომობილში მჯდომ ერთერთ ახალგაზრდას დაურეკა მეგობარმა და უთხრა რომ ჩხუბში მონაწილე პირები მაგისტრალზე მათ წინ მიდიოდნენ. შაქარაშვილისა და მასთან ერთად მყოფების კოორდინატები მათ სავარაუდოდ იმ არასრულწლოვნებმა უთხრეს ვინც მანამდე ქათამაძეს და ღიბრაძეს ტელეფონის ნომრები გამოართვეს. 

ნიკა ჟვანია: ჩვენ წავედით მცხეთის მიმართულებით და ამ დროს მანქანაში უკან მჯდომთაგან, ერთ-ერთს რომელს არ მახსოვს, ტელეფონზე დაუკავშირდა გ.მ. და აცნობა, რომ მათი მცემელი ბიჭები ფეხით მოდიოდნენ ცენტრალური საავტომობილო ტრასის პირას, თბილისის მიმართულებით. გ.მ-ს  განმარტებით, მათ წინ მიმავალი პიროვნებები მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც მათ ეშინოდათ, რომ ისინი კიდევ ეცემათ და გვთხოვეს რომ მივსულიყავით მათთან. 

ნიკა ჟვანიას ჩვენებაში თხრობა ამის შემდეგ უკვე ხიდზე მომხდარი დაპირისპირებით გრძელდება. ის არ მალავს რომ ავტომობილის გაჩერების შემდეგ მანქანიდან რკინის ჯოხით გადავიდა. 

ნიკა ჟვანია: გაჩერებისთანავე ყველანი გადმოვედით მანქანიდან, გადმოსვლისას, მე ჩემი სავარძლის ქვემოდან ავიღე იქ არსებული დაახლოებით 40 სანტიმეტრის სიგრძის რკინის მილი, რომელიც მე მანქანაში დაჯდომისთანავე შევნიშნე იქ. ჩვენს თანმხლებებთან ერთად  მივედით ფეხით მომავალ პიროვნებებთან, რომლებიც ახლოდან გავარჩიე რომ იყვნენ ექვსნი. მისვლისთანავე ჩემს ხელთ არსებული რკინის მილი, მოვუქნიე ჩემთან ყველაზე ახლოს მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს. ამასობაში ჩემთან მყოფმა, ნ.ც-მ  და მისმა თანაკლასელებმაც მოირბინეს და  დაუწყეს  ცემა იმ პიროვნებას, რომელსაც მე მოვუქნიე ჩემს ხელთ არსებული რკინის მილი. 

ნიკა ჟვანია ვერცხლისფერ მერსედესში მძღოლის გვერდით იჯდა. ავტომანქანას კი ძიუდოში ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის გიგა ტატიაშვილი მართავდა. მოწმეთა ჩვენებების გაცნობის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება რომ ტატიაშვილი დაპირისპირებაში შემთხვევით მოხვდა. დაბადების დღეზე იყო, თუმცა პირველი კონფლიქტის შემდეგ იქაურობა დატოვა. უკან კი როგორც თავად ამტკიცებს მცხეთაში დარჩენილი კლასელების ჩამოსაყვანად წაიყვანეს.  

გიგა ტატიაშვილი: გზაზე  შემხვდნენ ჩემი კლასელები, მე მათ გავუჩერე მანქანა, ვიფიქრე ჩასხდებოდნენ, თუმცა მათ ჩემს მანქანაში მყოფ პირებს უთხრეს რომ მათ წინ მიმავალი დაახლოებით 5-6 ახალგაზრდა  ჩემთვის უცნობი ბიჭები იყვნენ, ისინი ვინც სცემეს ჩემი კლასელები. რაზედაც ჩემს მანქანაში მჯდომმა პირებმა მითხრეს რომ აღარ წავსულიყავი და მანქანა გამეჩერებინა, თუმცა მე დავძარი მანქანა, რადგან არ მინდოდა  რომ მომხდარიყო ჩხუბი. მაგრამ ჩემს მანქანაში მჯდომი პირები ცდილობდნენ გაეღოთ მანქანის კარები და  გადმოსულიყვნენ, რაზედაც გავხდი იძულებული მანქანა გამეჩერებინა და როდესაც გავაჩერე მანქანა ჩემი მგზავრები გადმოირბოდნენ და გაიქცნენ ჩვენ წინ ფეხით მოძრავი ჩემთვის უცნობი პიროვნებების მიმართულებით. რა დროსაც დავინახე რომ ჩემს გვერდით მჯდომი სრული აღნაგობის პიროვნება, რომელსაც ხელში ეჭირა რკინის ჯოხი დაარტყა, რა დროსაც ჩვენ წინ ფეხით მოძრავი პირები გაიქცნენ, რომლებსაც  გაეკიდნენ ჩემი მგზავრები და  ერთ-ერთი მათგანი დაიჭირეს, რომელსაც ყველა ჩემი თანმხლები პირი ურტყამდა. მე ჩემს მგზავრებს მოვატყუე რომ მოდიოდა პოლიცია, რაზედაც ისინი ჩასხდნენ მანქანაში და  ყველა ერთად წამოვედით ქ.თბილისში.

ახალგაზრდა კი ვინც სპორტსმენები ისევ მცხეთაში წაიყვანა არასრულწლოვანია. ნ.ც ჩვენებაში ყვება რომ  პირველ დაპირისპირებაშიც მონაწილეობდა და ხელი ჰქონდა დაზიანებული. ასევე ის საკმაოდ დეტალურად აღწერს ხიდის ეპიზოდს. თუმცა ერთ ერთი საინტერესო ნაწილი მისი ჩვენების მეორე დღეს განვითარებულ ამბებს უკავშირდება, როდესაც მათ გაიგეს რომ წინა ღამის დაპირისპირების შემდეგ გიორგი შაქარიშვილი გაუჩინარდა. 

ნ.ც: წერეთლის გამზირზე ერთმანეთს შევხვდით მე, მუმლაძე, ბარბაქაძე, ანი გაბეჩავა და ბიძამისი. საუბრისას ანიმ თქვა რომ გზაზე მერსედესით მისულა რამდენიმე ბიჭი რომლებთანაც დაკარგული ბიჭის თანმხლებ ბიჭებს მოსვლიათ ჩხუბი, ამ დროს ეს ბიჭი ყოფილა იქ ხოლო ამის შემდეგ აღარ გამოჩენილა. სურათის ნახვისას  მეცნო აღნიშნული ბიჭი, რადგან ის ვნახე, მაშინ როდესაც ის გაიქცა იმ ადგილიდან, სადაც ჩვენ ვცემდით მის თანმხლებ სხვა ორ ბიჭს. აქვე დავაზუსტებ რომ ამ დაკარგულ ბიჭს და არც ჩემგან არც სხვებისგან ხელი არ მოხვედრია, აქვე განგიმარტავთ, რომ საუბრის დროს არც მე და არც ჩემს  მეგობრებს არ გვითქვამს, რომ მერსედესით მისული ბიჭები ვიყავით ჩვენ და რომ სწორედ ჩვენ მოგვივიდა ჩხუბი, რადგან შეგვეშინდა, რომ რაიმე უსიამოვნებაში არ გავეხვეოდით.

ამავე მიზეზით კიდევ მალავენ თუ არა ახალგაზრდები რამეს უცნობია. ამ ჩვენებების ავტორები უკვე დაპატიმრებულები არიან. თუმცა საქმეში კიდევ არაერთი ახალგაზრდის ჩვენებაა, მერსედესის მგზავრების გარდა კი საინტერესოა ტოიოტა ქამრის მგზავრების ჩვენებები, რომლებიც ადგილზე მერსედესის წასვლის შემდეგ მივიდნენ. დაზარალებულების ინფორმაციით სწორედ ქამრის მგზავრები დაედევნენ გიორგი შაქარაშვილს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი