შიდა ქართლის ორ სკოლაში სამართალდამცველები შესაძლო მძიმე დანაშაულებს სწავლობენ. ინფორმაცია "მთავარმა არხმა" მოიპოვა. ორივე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბრალდებების ადრესატები პედაგოგები არიან. ერთ მათგანს მეათე კლასელის მიმართ გარყვნილ ქმედებას, მეორეს კი პირველკლასელზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან.
პედაგოგების იდენტიფიცირებას "მთავარი არხი" მიზანმიმართულად არ ახდენს. 15 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილ ქმედებაში მხილებულია 60 წელს გადაცილებული პედაგოგი, რომელიც მანამდე წლების განმავლობაში დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
ჩვენი ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაული სკოლის შიდა სივრცეში მოხდა, ამის გამო პოლიციამ სკოლის ტერიტორიიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო.
"ფაქტს გიდასტურებთ და ვადასტურებ იმას, რომ გამოძიება მიმდინარეობს ანუ სკოლა მოიქცა ისე, როგორც კანონი ეუბნება, შეტყობინება შევიდა პოლიციაში და მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ბუნებრივია ვერანაირ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. როგორც პედაგოგი დროებით ჩამოცილებულია სასწავლო პროცესს", - ამბობს გორის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბრალდებული პედაგოგი სამართალდამცავებს ჯერ არ დაუკავებიათ. მას გავლენიანი მფარველები ჰყავს, მაგალითად, ჩვენი ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი წევრი მისი ოჯახის ახლო ნათესავია.