თბილისსა და რეგიონებში იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 4 პირი

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, შიდა ქართლსა და იმერეთში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 4 პირი.

უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე 1993 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ლ.ბ. დააკავეს. მისი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს პისტოლეტი, მჭიდი და 7 ვაზნა.

ორი პირი - 1971 წელს დაბადებული რ.ფ. და 1980 წელს დაბადებული კ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ჯგუფურად გასაღების ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს შეიძინეს 9 პისტოლეტი, რომელთა ნაწილი ჯგუფურად, უკანონოდ გაასაღეს, ნაწილს კი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ", - ამბობს შსს.

1994 წელს დაბადებული გ.ნ. კი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მისი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს გადაჭრილი თოფი - ე.წ. აბრეზი და 8 ვაზნა.

დანაშაულები 3-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი