ახალგაზრდა ქალი უმძიმესი დამწვრობით რეანიმაციაში გადარჩენისთვის იბრძვის, ექიმები კი პროგნოზისგან თავს იკავებენ. 23 წლის ახალგაზრდას ყოფილი შეყვარებული სასტიკად გაუსწორდა.
უცნობია რას მოჰყვა კონფლიქტი ყოფილ პარტნიორებს შორის, თუმცა სიტყვიერი დაპირიპირების შემდეგ, 24 წლის მამაკაცი გოგონას ფიზიკურად გაუსწორდა და მის ჯანმრთელობას უმძიმესი ზიანი მიაყენა.
თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. მძიმე მუხლით წაყენებული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ხანგრძლივად მოუწევს გისოსებს მიღმა დარჩენა.
შემთხვევა ბაგრატიონის 45 ნომერში, ღამის პირველ საათზე მოხდა. 23 წლის გოგოს დაწვა ყოფილმა შეყვარებულმა სცადა. მამაკაცმა ახალგაზრდა ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. გოგოს გადარჩენა მეზობლებმა მოახერხეს. არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი ეზოდან საცხოვრებელ სახლებზეც გადასულიყო, თუმცა მისი ჩაქრობა სახანძროს მისვლამდე შეძლეს.
23 წლის ახალგაზრდა ახლა ხეჩინაშვილის კლინიკაში მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობითაა მოთავსებული. მას სხეულის 37% აქვს დამწვარი. მძიმე მდგომარეობაშია და ექიმებს უჭირთ პასუხის გაცემა, როდის შეძლებს სრულად გამოჯანმრთლებას.
24 წლის მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა. გამოძიება მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები განმარტავენ, რომ პრობლემა სისტემურია. საქართველოში კი მანამდე გაგრძელდება ქალთა მიმართ ძალადობა, სანამ კაცები არ გააანალიზებენ, რომ ქალებს მათთვის ნებისმიერ საკითხზე შეუძლიათ უარის თქმა.
სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ საჭიროა საზოგადოების მენტალიტეტის ცვლილება, რაც პირველ რიგში, განათლების სამინისტროს ამოცანაა.
სახალხო დამცველის აპარატი ფემიციდის საკითხს 5 წლის განმავლობაში სწავლობდა. დასკვნა მძიმეა. კვლევით დგინდება, რომ ყველაზე ხშირად, ქალებზე ქმრები, ყოფილი ქმრები ან ყოფილი პარტნიორები ძალადობენ. ომბუდსმენის აპარატისთვის პრობლემურია სამართალდამცავების ქმედებებიც, რადგან ხშირ შეწმთხვევაში, ისინი ძალადობის პრევენციას ვერ ახერხებენ.
მშრალი ციფრების თანახმად, მხოლოდ წელს 15 ქალი მოკლეს და კიდევ 9-ის მკვლელობა სცადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ოჯახური ძალადობის სულ 1738 შემთხვევა იყო.