გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების სქელტანიან საქმეში კიდევ ერთი საკვანძო მოწმის რადიკალურად განსხვავებული ჩვენებები დევს. 19 წლის ახალგაზრდა, რომელიც დაზარალებულის სტატუსით ფიგურირებს საქმეში, გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებიდან მეორე დღეს დეტალურად აღწერდა ხიდის ეპიზოდს და აცხადებდა, რომ მკაფიოდ დაინახა თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი, რომლის ამოცნობაც შეეძლო.
გარკვეველია რატომ, თუმცა ფაქტია - პოლიციმ სასიცოცხლოდ აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობა, არ ჩაატარა. მომდევნო ჩვენებაში კი ვახტანგ ახვლედიანი არაგვის ხიდთან განვითარებულ მოვლენებს სულ სხვანაირად აღწერს. ყველაზე საინტერესო კი ის ფაქტია, რომ მეორე გამოკითხვის დროს ახვლედიანს აღარაფერი უთქვამს თავდამსხმელების შესახებ. ახვლედიანის, ისევე როგორც საქმის სხვა ფიგურანტების ჩვენებები მას შემდეგ შეიცვალა, რაც გიორგი შაქარაშვილი დაღუპული იპოვეს.
გახმაურებული საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის პირველი ჩვენება 19 ივნისით თარიღდება. 19 წლის ვახტანგ ახვლედიანი ადვოკატის გარეშე დაკითხეს და ყველაზე საინტერესოც სწორედ პირველ დღეს, სამართალდამცველებისთვის მიწოდებული ინფორმაციაა. ახვლედიანი იმ 6 პირიდან ერთ-ერთია, რომლებიც მცხეთიდან თბილისის მიმართულებით ფეხით მიდიოდნენ და საქმეში მას დაზარალებულის სტატუსიც აქვს. ის ხიდის ინციდენტის ერთ-ერთი მთავარი მოწმეაცაა.
მცხეთიდან თბილისის მიმართულებით მიმავალი ახალგაზრდების წინ "მერსედესის" მარკის ვერცხლისფერი ავტომობილი გაჩერდა. გადმოვიდა დაახლოებით 5 პირი და მათთან ახლოს მყოფ გიორგი ქათამაძესა და კონსტანტინე ღიბრაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ამის შესახებ ვახტანგ ახვლედიანი ჩვენებაში ამბობს:
ერთ-ერთი გამოიქცა ჩემკენ და უკან გამოყვნენ დანარჩენებიც და როგორც კი მოვიდნენ ჩემთან, იმ პირველმა დამარტყა ხელი სახეში. ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მე მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, იყო ოდნავ გრძელი მუქი ფერის თმით, საშუალო სიმაღლის და საშუალო აღნაგობის, რომლის ამოცნობაც შემიძლია.
მოწმემ პირველ დღეს პოლიციელებს უთხრა, რომ მოძალადე პირებიდან ერთის ამოცნობა შეეძლო, თუმცა ამოცნობის პროცედურაში ახვლედიანის მონაწილეობა სამართალდამცველებმა, როგორც ჩანს, საჭიროდ არ ჩათვალეს. რამდენიმე დღეში, 23 ივნისს, ის მეორედ, უკვე ადვოკატის თანდასწრებით გამოკითხეს, თუმცა ამ შემთვევაში ახვლედიანი აღნიშნული ეპიზოდის სრულიად განსხვავებულ ვერსიას ყვება.
მე შემეშინდა და გადავწყვიტე გაქცევა. მომენტალურად მოვტრიალდი მარჯვნივ, თუმცა მოტრიალების მომენტში სახეში ვიღაცამ ძლიერად ჩამარტყა, რა დროსაც ვიგრძენი ფიზიკური ტკივილი. მე კარგად ვერ დავინახე, თუ ვინ ჩამარტყა.
რატომ შეცველა ასე რადიკალურად პოზიცია ვახტანგ ახვლედიანმა და ვინმემ ხომ არ აიძულა მას მოძალადეზე ხელის დაფარება - ეს კითხვა მის უფლებადამცველს დავუსვით. აღმოჩნდა, რომ მზია ქასრაშვილმა საერთოდ არ იცოდა, რომ 10-ტომიან საქმეში ახვლედიანის 2 ჩვენება დევს. ჩვენ მოვუყევით რა წერია ჩვენ მიერ მოპოვებულ დოკუმენტში, მან კი გვიპასუხა, რომ უზუსტობები, სავარუდოდ, ემოციური ფონის გამო შეიძლება იყოს.
უერთიერთგამომრიცხავი ფაქტები ახვლედიანის ჩვენებებში ამით არ სრულდება. გადავიდეთ შემდეგ, "ქამრის" ეპიზოდზე. 19 ივნისს, სანამ ფეხბურთელს გარდაცვლილის იპოვიდნენ, მოწმე სამართალდამცველებს ეუბნება:
დაგვეწია ავტომანქანა, გაჩერდა ჩვენთან და როგორც კი გაიღო ავტომობილის კარი და იქ მჯდომმა პირებმა დააპირეს გადმოსვლა, ჩვენ ყველა ერთად მოვტრიალდით უკან და გავიქეცით ქალაქ მცხეთის მიმართულებით. ისინი, ვინც ავტომანქანიდან გადმოვიდნენ, მოგვსდევდნენ უკან და გვეძახდნენ: გაჩერდით სად გარბიხართ და თან გვაგინებდნენ. ჩვენ ყველამ ერთად ხიდზე გადავკვეთეთ გზა, გადავედით საავტომობილო გზის მეორე მხარეს და გავრბოდით. მე ხიდზე როგორც კი გადავედი, იქვე ჩავუხვიე დაბლა და როგორც კი ჩავუხვიე, ეგრევე ვნახე იქვე არსებული ბუჩქები და ჯაგები და გავიქეცი იქითკენ და დავიმალე აღნიშნულ ბუჩქებში. მე სანამ ჩავუხვევდი ბუჩქებისკენ, დავინახე,რომ ჩემს წინ მირბოდა გიორგი შაქარაშვილი და მე რომ ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ისინი, ვინც მოგვსდევდნენ, გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს. მე ჩუმად ვიჯექი ბუჩქებში და ვიმალებოდი, რა დროსაც საავტომობილო გზის მხრიდან დაახლოებით 10 წუთი მესმოდა ძახილის ხმა "სად გაიქეცით,გამოდითო" და თანაც გვაგინებდნენ. 10 წუთის შემდეგ შეწყდა ძახილის ხმა, თუმცა მე მაინც არ გამოვსულვარ ბუჩქებიდან,სადაც ვიმალებოდი. დაახლოებით 35-40 წუთის განმავლობაში.
ამ ჩვენებაში მნიშვნელოვანია ერთი დეტალი - ახვლედიანი ამბობს, რომ ბუჩქებში დამალვამდე დაინახა, როგორ მირბოდა შაქარშვილი და როგორ გაეკიდნენ მას უცნობი პირები. 23 ივნისს მიცემულ ჩვენებაში კი საერთოდ არ ამბობს, მისდევდა თუ არა ვინმე გიორგი შაქარაშვილს. საინტერესოა ისიც, რომ მეორე დაკითხვის დროს, სამართალდამცველებს რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა დროის შესახებ.
გიორგი შაქარაშვილი ბოლოს დავინახე ხიდზე გადმოხვევის მომენტში. იგი ისევ გზაზე გარბოდა, ხიდთან მე გიორგიმდე გადმოვუხვიე მარჯვენა მხარეს. ამის შემდეგ მე არც გიორგი შაქარაშვილი და არც გურამი აღარ მინახავს. დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში მესმოდა ფეხის ხმა. ისინი ყვიროდნენ "სად ხართ,გამოდით" და ა.შ. მე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ვიმალებოდი ბუჩქებში და ხმას არ ვიღებდი.
19 წლის ვახტანგ ახვლედიანის 2 სხვადასხვა ჩვენებაში მოვლენების განსხვავებულ ვერსიებს ვკითხულობთ. საინტერესოა რატომ შეცვალა მან ამბის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქმეში მონაწილე ყველა პირის ჩვენება მდინარეში გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის პოვნის შემდეგ იცვლება.