ქუთაისის ცხელების ცენტრის მედპერსონალმა ცოტა ხნის წინ აქცია გამართა - ექიმებს, რომლებიც ეპიდემიასთან ბრძოლის მიზნით იმერეთის საკარანტინე ზონებში ჰყავთ გადანაწილებული და ზეგანაკვეთურად ამუშავებენ, ხელფასი რამდენიმე თვეა არ აუღიათ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კარანტინში მუშაობა მათ ურთულეს პირობებში უხდებოდათ, თუმცა ამის სანაცვლოდ ხელისუფლებისგან სრული უყურადღებობა მიიღეს.
ქუთაისის ცხელების ცენტრის 300-მდე თანამშრომელი, რომლებიც საკარანტინე სივრცეში მოთავსებულ პირებს უწევდნენ დახმარებას, უკვე ოთხი თვეა, კუთვნილ ანაზღაურებას ელოდებიან. მედპერსონალი იძულებული გახდა, დროებით მიეტოვებინა სამუშაო და ვითარების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსულიყო.
მედპერსონალი ამბობს, რომ გასული თვეების განმავლობაში მათ უმძიმეს პირობებში უხდებოდათ მუშაობა, პირდაპირი შეხება ჰქონდათ კორონა ვირუსით დაინფიცირებულ ადამიანებთან და შესაბამისად, რისკ-ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ. მიუხედავად ამისა, მათ გაწეული ძალისხმევა არ დაუფასდათ.
მეორე ეტაპს რომ იძახიან და მეორე ტალღას, მე როგორ ვიმუშაო, ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები როგორ მივატოვო და ამ პირობებში როგორ წავიდე... არანაირი რეაქცია არ აქვს ჯანდაცვის ცხელ ხაზს და ჯანდაცვის მინისტრს, - ამბობს აქციის მონაწილე ექთანი ელისო ზურაბიანი-ჩხეიძე.
შეკრებილ მედპერსონალს ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და მათ სოლიდარობა გამოუცხადეს.
"თავისუფალი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრის, გოგი წულაიას აზრით, შეკრებილი მედპერსონალი თვეების განმავლობაში გაუსაძლის პირობებში გმირულად შრომობდა და მათი შრომის დაუფასებლობა ტრაგედიის ტოლფასია.
აქციის მონაწილეების თქმით, თუ მათ ხელფასი უახლოეს დღეებში არ ჩაერიცხებათ, გაიფიცებიან და პროტესტს პერმანენტულად გააგრძელებენ.