ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნა ევროპული ინტეგრაციის პროცესს აზიანებს - კოალიცია

გამოქვეყნდა:

კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" გაუმართლებლად და დამაზიანებლად მიიჩნევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო აღრმავებს სასამართლო სისტემაში არსებულ შიდა გავლენების და კლანურობის პრობლემას, ფუნდამენტურად არყევს საზოგადოების ნდობას სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ და აზიანებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს.

"სამოქალაქო საზოგადოება უკვე დიდი ხანია საუბრობს სასამართლო სისტემაში არსებული მთავარი გამოწვევის - მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არსებობაზე, რომლის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა სწორედ მიხეილ ჩინჩალაძეა. აღნიშნულ გამოწვევაზე და საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებისას ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინების საჭიროებაზე მიუთითებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. თუმცა მმართველი პარტია სასამართლო სისტემაში არსებული კორპორატივიზმის პრობლემას კვლავ არ აღიარებს. მეტიც, კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები, რომლითაც მნიშვნელოვნად გაუარესდა ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიები, სწორედ ამ მანკიერი პრაქტიკის და სასამართლოს გავლენიანი პირების ძალაუფლების შენარჩუნებას უწყობს ხელს.

მიმდინარე ევროპული ინტეგრაციის პროცესში საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით, ერთ-ერთ საკვანძო წინაპირობა „სრულად და რეალურად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი“ სასამართლოს შექმნაა. ევროკომისიის რეკომენდაციები პირდაპირ მიუთითებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმის საჭიროებაზე. ამასთან, აუცილებელია, რეფორმა ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ კონსულტაციებს დაეფუძნოს. ამ ფონზე განსაკუთრებით სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ მიღებული რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად,  ხელისუფლების და, მათ შორის სასამართლოს, ძალისხმევა მიმართულია არსებული გავლენიანი ჯგუფის ძალაუფლების გაძლიერებისკენ", - წერია განცხადებაში. 

კოალიცია პარლამენტს მოუწოდებს:

  1. აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე ვითარება და ფუნდამენტური რეფორმის საჭიროება;
  2. დროულად დაიწყოს ევროკომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა.
მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი