გორში მოკლული პოლიციელის, დავით სვიანაძის მეზობლების თქმით, თურქეთის მოქალაქე, რომელიც შსს-მ პოლიციელის მკვლელობისთვის დააკავა, გორში, კომბინატის დასახლებაში არსებულ ქაღალდის ცეხში მუშაობდა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, "ჯეო სოლუშენ”, ასე ჰქვია კომპანიას, რომელსაც თურქი მეწილე ჰყავს და 30 წლის მამაკაცი სამუშაოდ სწორედ მას ჰყავდა ჩამოყვანილი. რა პოზიციაზე მუშაობდა პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, უცნობია. კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული და “მთავარის” გადამღებ ჯგუფს დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით იქ შესვლის საშუალება არ ეძლევა.
შემთხვევის ადგილი, ბერუაშვილის ქუჩა კი ისევ პოლიციის ლენტით არის გადაკეტილი და საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება. პოლიციელ დავით სვიანაძის ცხედარს, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით წუხელ გვიან ღამით მისივე მდგმურმა მიყენებული, ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ სახლში უახლოეს საათებში გადაასვენებენ. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.