16 წლის სოფიო ნიკოლეიშვილის დაღუპვის გამო 2 პედაგოგს ბრალი წაუყენეს

გამოქვეყნდა:

16 წლის მოზარდის, სოფიო ნიკოლეიშვილის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, პროკურატურამ სკოლა "ალბიონის" ორ პედაგოგს ბრალი წარუდგინა გულგრილობის მუხლით, რასაც შედეგად სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

შემთხვევა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ერთ-ერთ ჩანჩქერთან მოხდა. ექსკურისიაზე მყოფი გოგონა მდინარეში დაიხრჩო.

2019 წლის 26 მაისს კერძო სკოლა "ალბიონმა" მე-11 კლასის მოსწავლეები ლაგოდეხში წაიყვანა ექსკურსიაზე. ადგილზე მისულები გააფრთხილეს, რომ მდინარეს სწრაფი დინება ჰქონდა და მოსწავლეები შიგნით არ უნდა ჩაეშვათ. მიუხედავად ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ მასწავლებლებმა გულგრილობა გამოიჩინეს და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ. შედეგად, რამდენიმე მოსწავლე მდინარეში ჩავიდა და მათგან ერთ-ერთმა, სოფიო ნიკოლეიშვილმა ამოსვლა ვეღარ მოახერხა.

შპს არასახელმწიფო-საერო სკოლა "ალბიონის" პედაგოგებს, ნ.ს.-ს და ვ.ქ.-ს ბრალდება წარედგინა გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია... წარდგენილი ბრალდება სასჯელის ზომის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით, - განაცხადა პროკურორმა დავით ნეფარიძემ.

ორი ბრალდებულიდან ერთ-ერთი მოქმედი პედაგოგია, მეორეს კი პედაგოგიური საქმიანობა უკვე შეუჩერდა. პროკურატურა სკოლის ადმინისტრაციას მიმართავს, რათა მათ დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები.

სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პროკურატურას ჯერ მათთვის არ მიუმართავს და მიმართვის შემთხვევაში, მეორე პედაგოგსაც შეუჩერებენ პროფესიულ საქმიანობას.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი