პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელსაც შშმ გერი 4 თვე სათავსოში ჰყავდა ჩაკეტილი და არაადამიანურად ეპყრობოდა 

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კასპის მუნიციპალიტეტში ა.ხ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გერს, ოთხი თვის განმავლობაში არაადამიანურად ეპყრობოდა, ჩაკეტილი ჰყავდა საცხოვრებლად უვარგის მცირე ზომის სათავსოში, სადაც დაზარალებულს არ ჰქონდა სათანადო პირობები, არ იყო უზრუნველყოფილი მედიკამენტებით, მოვლით და კვებით, რის გამოც ანორექსია განუვითარდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 29 ივნისს დააკავეს"- ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ ) და 11 პრიმა 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი