ეს არის ბოლო ვიდეო, სადაც ცოცხალი გიორგი შაქარაშვილი ჩანს. კადრები ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ იმ დროსაა გადაღებული, როცა ისინი დაბადების დღის წვეულებაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისში დაბრუნებას ცდილობდნენ და გამვლელი მანქანის ან ტაქსის გაჩერების იმედით ცენტრალურ საავტომობილო გზას ფეხით მიუყვებოდნენ. ამ მასალის მიხედვით, ახალგაზრდები მომხდარი დაპირისპირების მიუხედავად, კარგ ხასიათზე არიან და ჩხუბის გამო ჩაშლილი წვეულების გასაგრძელებლად ემზადებიან.
მასალაში კარგად ჩანს, რომ ვახო ახვლედიანის თეთრი პერანგი სისხლიანია, თუმცა მას ამაზე თავისი არგუმენტი აქვს.
ამავე ვიდეოში ასევე კარგად ჩანს, რომ გიორგი შაქარაშვილს თან აქვს შავი ფერის წელის ჩანთა, რომელიც მხარზე აქვს გადაკიდებული. ჩანთა ამ საქმეში შესაძლოა ყველაზე უმნიშვნელო ნივთია, თუმცა მის ირგვლივ გაჩენილ შეკითხვებზე პასუხებმა 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ბუნდოვან საქმეს, შესაძლოა, მიმართულება რადიკალურად შეუცვალოს.
ბოლო ვიდეოკადრებით დასტურდება, რომ გიორგი შაქარაშვილს ჩანთა ხიდზე ნამდვილად ჰქონდა, თუმცა ჩვენ არ ვიცით სადამდე ატარა შაქარაშვილმა ჩანთა მხარზე გადაკიდებული. როცა თავდამსხმელებს გაურბოდა, ჰქონდა თუ არა ის ისევ თან, ან სირბილისას ხომ არ დაუვარდა გზაში. ამ შეკითხვებზე პასუხები ჯერ არ არსებობს. საქმის მასალებით დადასტურებული მხოლოდ ისაა, რომ შაქარაშვილის ჩანთა პოლიციამ ცხედარზე ადრე იპოვა. ეს ფაქტი და ჩანთის პოვნის ადგილი ახალგაზრდა ფეხბურთელის დაღუპვის ფაქტს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.
10-ტომიანი საქმის მასალებით გიორგი შაქარაშვილის ჩანთა პოლიციამ 19 ივნისის საღამოს, ანუ ფეხბურთელის გაუჩინარებიდან რამდენიმე საათში იპოვა. მაშინ, როცა საგამოძიებო ექსპერიმენტზე საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გურამ ამირხანაშვილი წაიყვანა.
ოფიციალური დოკუმენტით, მოწმე ამირხანაშვილმა პოლიციას ჯერ ის ადგილი აჩვენა, სადაც პირველი ჩხუბი მოხდა. შემდეგ ის გზა, რომლითაც გიორგი შაქარაშვილთან და კიდევ ოთხ ახლგაზრდასთან ერთად თბილისისკენ მოდიოდა. უთხრა, სად დაეწია "მერსედესის" მარკის მანქანა, რომლის მგზავრებმაც მასთან ერთად მყოფებს სცემეს. საიდან მოვიდა მეორე მანქანა და საით გაიქცნენ ის, გიორგი შაქარაშვილი და ვახო ახვლედიანი.
ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, მათ დიაგონალზე გადაკვეთეს ცენტრალური მაგისტრალი და ხიდის ბოლოში ჩაუხვიეს. ამირხანაშვილი ამტკიცებს, რომ მათკენ გამოქცეულ თავდამსხმელებს ის პირველი, ამ შენობის უკან დაემალა. შემდეგ კი პოლიციას აჩვენებს გზას, სადაც ბოლოს გაქცეული შაქარაშვილი და ახვლედიანი ნახა. ამირხანაშვილის მტკიცებით, ისინი არაგვზე გამავალი ხიდის ქვეშიდან ამომავალ გზაზე გარბოდნენ.
საიდან იცოდა მოწმე ამირხანაშვილმა, რომ გიორგი შაქარაშვილმა ეს ბილიკი ჩაირბინა, უცნობია. იმ სამალავიდან, რომელსაც ის უთითებს, წესით ეს არ უნდა გამოჩენილიყო, მითუმეტეს ღამით. ფაქტია, ამირხანაშვილის მითითებით, პოლიცია ამ ძნელად გასავლელი ბილიკით არაგვის ხეობაში ჩავიდა, ეკალბარდების და სხვა წინაღობების გავლის შემდეგ, პირდაპირ მიადგა ჩანთას და ამირხანაშვილმაც მაშინვე დაადასტურა, რომ ის გიორგი შაქარაშვილს ეკუთვნოდა.
პოლიციამ ჩანთა 19 ივნისს, საღამოს 21 საათსა 15 წუთზე იპოვა. ამის გამო საგამოძიებო ექსპერიმენტი შეწყდა, ჩანთის დაათვალიერებისას კი მასში ერთი სავარცხელი და თმის ჟელე აღმოჩნდა. ჩანთაში მოთავსებული იყო ერთი ცალი იასამნისფერი პლასტმასის მაგვარი სავარცხელი და ერთი ცალი მოშავო მოყვითალო ფერებში გაწყობილი პლასტმასის მაგვარი მრგვალი ქილა მასში არსებული ჟელესმაგვარი სითხით. ფეხბურთელის ნივთები პოლიციამ დალუქა და წამოიღო.
შეკითხვებზე პასუხი ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს. სამართალდამცველები ახლა ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.