
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე გაგზავნილმა საქართველოს მოქალაქეებმა გერმანელ დამსაქმებელს შრომითი პირობების დარღვევა სასამართლოში დაუმტკიცეს. ისინი კომპენსაციას მიიღებენ.
11 მოქალაქე საქართველოს სასამართლოებში დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს წინააღმდეგაც ჩივის. ისინი მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.
არსებითი განხილვა დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა სხდომა ნოემბრამდე გადავიდო.
"ცხოვრება და შრომის პირობები იყო გაუსაძლისი, არაჰიგიენური და ღირსების შემლახავი, სწორედ ამ არგუმენტებს ეფუძნებოდა მათი სარჩელი და ამავდროულად იმასაც, რომ გერმანელმა დამსაქმებელმა მათ არ უნაზღაურა ხელფასის შესახებ გერმანიის კანონით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობა. 10 ივნისს გამოაცხადა გადაწყვეტილება გერმანიის სასამართლომ და დააკმაყოფილა ქართველი სეზონური მუშების სარჩელი", - ამბობს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე.
ერთ-ერთი დასაქმებული ყვება, რომ დამსაქმებელმა პირველ რიგში მათ კონტრაქტები ჩამოართვა, რის შემდეგაც დოკუმენტები აღარ უნახავთ. მისი თქმით, ანაზღაურება საათში 3 ევრო გამოდიოდა, დამსაქმებელი არ ანაზღაურებდა კვებას.