უჩა მამაცაშვილი "ანტიკორუფციული მოძრაობის" წინააღმდეგ - ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი "ანტიკორუფციულ მოძრაობას" ცილისწამებისთვის უჩივის და 150 000 ლარის გადახდას ითხოვს. საქმეზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.
დღეს გამოკითხვაზე ყოფილ პრემიერს, ზურაბ ნოღაიდელსა და თბილისის ყოფილ მერს, დავით ნარმანიას ელოდებიან.
გარდა ამისა, "ანტიკორუფციული მოძრაობა" ასევე მოითხოვს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვას. საქმე ეხება ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ნიკა გვარამიას მიერ ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუს წყაროსთან, რომელმაც დეტალურად ისაუბრა, როგორ მუშაობდა უჩა მამაცაშვილი და მისი ქსელი უკანონო ბიზნესში.
მოძრაობაში განმარტავენ, რომ ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი ე.წ ქოლ-ცენტრების საქმიანობის მფარველობასა და კორუფციაში დადანაშაულების შემდეგ გაღიზიანდა და ახლა სასამართლოში ჩივილით დანაშაულებრივი სქემის მფარველობის გადაფარვას ცდილობს.
"ეს არის პირდაპირი დევნა, ზეწოლა, ჩვენს საქმიანობაზე. რას გვედავება დღეს უჩა მამაცაშვილი? ორი მნიშვნელოვანი ამბავია - ერთი, რომ ჩვენ ის ვამხილეთ ტრანსნაციონალურ საერთაშორისო დანაშაულში და მეორე - ელექტროენერგიის ტარიფი. ჩვენ, ანტიკორუფციული მოძრაობა ვიკვლევთ მნიშვნელოვან გარემოებას, რის გამოც, საქართველოს მოქალაქეებს გაუძვირდათ ტარიფი იმიტომ რომ უჩა მამაცაშვილს და სხვა თანამდებობის პირებს აქვთ კორუფციული ინტერესები და შუამავლების მეშვეობით ყიდულობენ ელექტროენერგიას საქართველოში. ამის მხილების ატანაც კი არ უნდათ", - თქვა ვასო ურუშაძემ.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის პოზიციას, ადვოკატი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები უჩა მამაცაშვილის უდანაშაულობას ადასტურებს.
"დღეს დაიკითხებიან მოწმეები, მათ შორის მოსარჩელის მხრიდან და შესაძლოა, მოპასუხის მხრიდანაც. დარწმუნებული ვართ, ნებისმიერი მოწმე, რომელიც შეიძლება ამ პროცესზე დაიკითხოს, ისევე როგორც ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეშია წარმოდგენილი, დაადასტურებს, რომ ბატონ უჩა მამაცაშვილს არანაირი შემხებლობა არც ირიბი და არც პირდაპირი იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელსაც აჟღერებს მოპასუხე მხარე, არ გააჩნია. ეს ყველაფერი არის ტყუილი", - თქვა ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა.
პროცესში სასამართლოს მეგობრის სტატუსით ჩართვის მოთხოვნით მიმართა სახალხო დამცველმა. ომბუდსმენის აპარატის ოფიციალურ დასაბუთებაში წერია, რომ მსგავსი სარჩელი, რომელიც ცილისწამებითაა შენიღბული, შესაძლოა, მიზნად უფლებადამცველების გაჩუმებას ისახავდეს და მათ საქმიანობას საფრთხე დაემუქროს,ამიტომ სახალხო დამცველი პროცესში ჩართვასა და მონიტორინგის უფლებას ითხოვს.