ბიზნეს-პარტნიორმა ვერ დაადასტურა უჩა მამაცაშვილის მიერ განცდილი რეპუტაციული ზიანი - GDI სასამართლოზე

გამოქვეყნდა:

უჩა მამაცაშვილის ბიზნეს-პარტნიორმა გურამ ცანავამ ვერ დაადასტურა უჩა მამაცაშვილის მიერ განცდილი რაიმე რეპუტაციული ზიანი. მან ასევე ვერ დაადასტურა “ანტიკორუფციული მოძრაობის” წარმომადგენლების გაკეთებული განცხადებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იმ წუხილებთან, რომელიც უჩა მამაცაშვილს მის მიმართ საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების შედეგად გაუჩნდა - ნათქვამია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" [GDI] მიერ გავრცელებულ განცხადებაში გუშინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.

საქმე ეხება  უჩა მამაცაშვილის მიერ ააიპ „ანტიკორუფციული მოძრაობისა“ და მისი წარმომადგენლების, ვასო ურუშაძისა და ლაშა ფარულავას წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს. 

როგორც ორგანიზაცია წერს, სხდომაზე მოსამართლემ იმსჯელა „ანტიკორუფციული მოძრაობის“ მიერ დაყენებულ რამდენიმე შუამდგომლობაზე და დააკმაყოფილა „საპარტნიორო ფონდიდან“ მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ და გიორგი გიგინეიშვილისა და დავით ბალანჩივაძის მოწმედ დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა, თუმცა უარი თქვა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას მოწმედ გამოძახებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ. "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" შეფასებით, სასამართლოს მიდგომა ამ ნაწილში ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია.

მომდევნო სხდომაზე, რომელიც 12 ივლისსაა ჩანიშნული, დაიკითხებიან მოქმედი მაღალჩინოსნები და უჩა მამაცაშვილთან დაახლოებული პირები: ზურაბ ნოღაიდელი, დავით ნარმანია, დავით თვალაბეიშვილი, გიორგი გიგინეიშვილი, დავით ბალანჩივაძე და ვახტანგ კარიჭაშვილი. ხოლო სხვა მოწმეების- ლევან ხაბეიშვილის, ნიკა გვარამიას და გიორგი ქობულიას დაკითხვის შესაძლებლობა მოპასუხე მხარეს არ მიეცა. 

სნობისთვის, ააიპ „ანტიკორუფციული მოძრაობისა“ და მისი წარმომადგენლების, ვასო ურუშაძისა და ლაშა ფარულავას ინტერესებს სასამართლოში სწორედ GDI იცავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი