სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "მთავარის" ეთერში 20 ივნისს გასული სიუჟეტის "ნაყიდი Covid 19"-ის სრული მასალების გადაცემას ითხოვს - სასამართლოს შესაბამისი განჩინება არხის ხელმძღვანელობას დღეს ჩაბარდება.
სუს-ი "მთავარის" ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის მუხლით და ეხება მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებში ყალბი ინფორმაციის გავრცელების გზით მოსახლეობის დეზინფორმირებას ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებსა და მასთან ბრძოლის ეფექტურობის შესახებ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, რომელიც მასობრივ მაყურებელს აუწყებდა ყალბ ამბავს, რომ თითქოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის პერიოდში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონა ვირუსის დასახელების სანაცვლოდ გარკვეულ ფულად თანხებს სთავაზობდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, გამოძიების მიმდინარეობისას დადგენილია, რომ აზერბაიჯანელ მოქალაქეთა ინტერვიუები განზრახ დამახინჯებულია სიუჟეტის მთარგმნელთა მიერ.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ეთერში გასული სიუჟეტის თემით სუს-ი 25 ივნისს დაინტერესდა და გამოკითხვაზე დაიბარა ყველა პირი, რომელიც აღნიშნულ სიუჟეტში ფიგურირებდნენ. სიუჟეტში საუბარი იყო კოვიდ 19-ის ყალბ დიაგნოზებზე, რომლის ჩაწერისთვის გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებს ხელისუფლების წარმომადგენლები გარკვეულ თანხებს სთავაზობდნენ.