ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსის მაჩვენებელი პიკს შემოდგომაზე მიაღწევს, თუმცა მომდევნო ტალღა "შედარებით რბილი" იქნება.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოში კოვიდის მატება BA4 და BA5 შტამების ცირკულირებამ განაპირობა.
"ტურისტული სეზონია, მოგზაურობა გაიზარდა და ძალიან ბევრი ქართველი უცხოეთში მოგზაურობისას დაინფიცირდა. ალბათ, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საქართველოში დომინანტი გახდა BA4 და BA5 შტამები, რომლებიც გაცილებით უფრო მეტი გადამდებლობით ხასიათდებიან, ვიდრე იყო მანამდე გავრცელებული BA2 შტამი. ჩემი პროგნოზით, პიკს შემოდგომაზე მიაღწევს და ეს არ იქნება ისეთი დრამატული მატება და ისეთი პიკი, როგორიც წლის დასაწყისში იყო, მაგრამ მაინც იქნება ახალი ტალღა. ვფიქრობ გაცილებით რბილი, ვიდრე პირველი 6 ტალღა იყო. ყველაზე კარგი გამოსავალი ისევ არის ვაქცინაცია. სამწუხაროდ, იცით თქვენ რომ საქართველო ვაქცინაციაში მოიკოჭლებს", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია "იმედთან".