"ძალიან დავიღალე..."- ზურაბ ნოღაიდელი სასამართლოს შემდეგ

გამოქვეყნდა:

უჩა მამაცაშვილი ანტიკორუფციული მოძრაობის წინააღმდეგ - პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სხდომაზე ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებული კომპანიების წარმომადგენლები დაიკითხნენ. მოწმეთა შორის იყვნენ დავით ნარმანია და ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი. მათ უჩა მამაცაშვილთან ნაცნობობა დაადასტურეს, თუმცა საერთო ბიზნეს პარტნიორობა უარყვეს. 

ნოღაიდელმა სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და თქვა რომ "ძალიან დაღლილია".  სხდომაზე კი აღნიშნა, რომ მამაცაშვილი ბოლოს გასვენებაში ნახა. მისივე მტკიცებით, არანაირ კორუფციულ გარიგებას ადგილი არ აქვს და მის კომპანიას მფარველები არ სჭირდება:

"ჩვენი ელექტროენერგია არის ყველაზე იაფი, შესაბამისად ჩვენ დახმარება არ გვჭირდება, პირიქით, ჩვენ ვეხმარებით იქეთ ამ შემთხვევაში საქართველოს და საქართველოს მომხმარებელს რომ მიიღოს უფრო იაფი ენერგიის წყარო. შესაბამისად, არც ქრთამის გადახდის საჭიროება არსებობს ამ საქმეში" - თქვა ნოღაიდელმა სასამართლოს წინაშე

ამის შემდეგ კი ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს მიმართა: "მისვამთ სრულიად უაზრო პოლიტიკურ კითხვებს... მე კი არ ვბრაზდები, განმარტებას გაძლევთ და კორუფცია იქ, სადაც ჩვენ ვართ, არ იქნება" - თქვა მან

ნოღაიდელმა დღეს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულიაც გააკრიტიკა - "არ ვიცი ზუსტად მიზეზი რის გამო დატოვა თანამდებობა, მაგრამ ძალიან სწორად დატოვა თანამდებობა" - აღნიშნა ნოღაიდელმა. 

ანტიკორუფციული მოძრაობის წევრების თქმით, დღევანდელმა სასამართლომ დღეს კიდევ ერთხელ დაარწმუნა ისინი, რომ უჩა მამაცაშვილი ნამდვილად მფარველობს ელექტროენერგიის იმპორტს და შუამავალ კომპანიებს და რომ მოქალაქეებს გადასახადი კორუფციული გარიგებების შედეგად უძვირდებათ.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი შუამავალი კომპანია "ელ გრინის" ხელმძღვანელია ზურაბ ნოღაიდელი.  

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი "ანტიკორუფციულ მოძრაობას" ცილისწამებისთვის უჩივის, რომელმაც ის ქოლ-ცენტრების მფარველობაში ამხილა. უჩა მამაცაშვილი ორგანიზაციისგან კომპენსაციის სახით, 150 000 ლარის გადახდას ითხოვს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი