
მოქალაქე პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს - მარიამ მირიანაშვილი საკუთარი მანქანის უკან დაბრუნებას ითხოვს და აცხადებს, რომ დახმარების ნაცვლად სამართალდამცველი დაკავებით ემუქრებოდა.
ორსული ქალი, რომელმაც ავტომობილი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე რამდენიმე თვის წინ გააქირავა, თვე-ნახევარია კუთვნილებას უკან ვეღარ იბრუნებს. ის ყვება, რომ ავტომობილი მუხიანის პოლიციის შენობასთან შემთხვევით აღმოაჩინა და საპატრულო პოლიციაშიც დარეკა, თუმცა იმის გამო, რომ ფაქტს სამართალდამცავებისგან რეაგირება არ მოჰყოლია, გადაწყვიტა ავტომობილისთვის ნომრები თავად მოეხსნა. მირიანაშვილის მტკიცებით, პოლიცია ამის გამო მას დაკავებით დაემუქრა.
"დაგაკავებ იმისთვის, რომ მანქანას მოხსენი ნომრებიო. მოვხსენი მანქანას ნომრები, იმიტომ, რომ 4 თვეა ნახვას ვითხოვ, ჯერ მძღოლს ვთხოვდი, ვისზეც მყავდა მიქირავებული და შემდეგ თვე-ნახევარია განყოფილებას ვთხოვ, არ დამეხმარნენ. მეტი რა მექნა? ზურგზე ხომ არ მოვიგდებდი მანქანას? მოვხსენი ნომრები და დავდექი მანქანასთან. მითხრა [პოლიციელმა] რომ დაგაკავებო, ბორკილებს დაგადებო, ფსიქოლოგიურად იძალადა ჩემზე. დავით იობიძეს, რომელსაც ჰყავს ჩემი მანქანა, მიქირავებული მყავდა დღიური ანაზღაურებით, მფარველობს პოლიცია. რატომ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა", - ამბობს მოქალაქე.
სამართალდამცველების უმოქმედობასა და კონკრეტული პირის მფარველობაზე საუბრობს მისი ადვოკატიც:
"რადგან პოლიცია აცხადებს, რომ მათ არანაირი უფლება არ გააჩნიათ იმისა, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ჩაერიონ, ნამდვილად მაქვს იმის საფუძველი განვაცხადო, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად მფარველობს პოლიცია მძღოლს. მოქალაქე თავად ცდილობს, სამართლიანობა აღადგინოს ამ ფორმით. მან მშვენიერი ხერხი ნახა იმისა, რომ საკუთარი თავი დაიცვას, როდესაც პოლიციას უნდა დაეცვა მისი უფლებები და დადგომოდა გვერდში", - ამბობს ადვოკატი ნათელა სივსივაძე.