
არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიაომბუდსმენმა" 10 ჟურნალისტის მიმართ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) საჩივარი წარადგინა. სარჩელი გიორგი მგელაძის, ნინო ჟიჟილაშვილის, სოფო მაისურაძის, გიორგი დარჩიაშვილი, ნინა ბიძინაშვილის, ინგა გრიგოლიას, ნოდარ მელაძის, თამთა დოლენჯაშვილის, თამარ ჩიხლაძისა და გელა ბოჩიკაშვილის საქმეს ეხება.
საქმე ეხება 2021 წლის 01 აგვისტოს და 13 სექტემბერს გავრცელებულ ე.წ. კრებსებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდოდ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ.
"დაახლოებით 58 000-მდე ფაილში ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაციაა. ჩანაწერების ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმაც დაადასტურეს.
მოთხოვნის მიუხედავად, თბილისის პროკურატურამ ჟურნალისტებს არ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი, ხოლო გენერალური პროკურატურა არასამთავრობო ორგანიზაციების 2022 წლის 18 მაისს გავრცელებული ერთობლივი მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე უმოქმედოა
სამწუხაროდ, საქართველოში სასამართლო ხელისუფლებამაც უარი თქვა ჟურნალისტებს უფლებების დაცვის გარანტიების შექმნაზე - დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარით მედიის წარმომადგენლებს საგამოძიებო პროცესში უფრო ეფექტიანად ჩართვის შესაძლებლობა არ მისცა.
საჩივრის საფუძვლები ევროპარლამენტის 2022 წლის 09 ივნისის რეზოლუციაშიც არის მითითებული, სადაც სხვა მოთხოვნათა შორის, პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება მოსმენების საქმესთან დაკავშირებით, დანერგოს სათანადო საკანონმდებლო მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების პროცესის გაუმჯობესებისთვის", - წერს ორგანზიაცია.
"მედიაომბუდსმენი" აღნიშნავს, რომ საქმის წარმატებული წარმოება მედიის უფლებების დაცვის საქმეში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს და გახდება წინაპირობა შეიქმნას ძლიერი გარანტიები ფარული მოსმენა-მიყურადებისგან დაცვის კუთხით, გამყარდეს ჟურნალისტების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის ხარისხი და ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალობის სტანდარტი.
მათივე ინფომრაციით, მალე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი ჟურნალისტის, ხატია შამანაურის სარჩელი გაიგზავნება. იხილეთ ასევე: