საქალაქო სასამართლომ ყოფილი პატიმრის საქმეზე ვეგანობის გამო დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა - საია

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 ივნისს ყოფილი პატიმრის საქმეზე, ვეგანობის გამო დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა. ორგანიზაციის განცხადებით, მოპასუხეებს - იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით სოლიდარულად 5 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.

"2019 წელს მოსარჩელე მოათავსეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებაში. ციხეში მოხვედრისთანავე, მან ადმინისტრაციას აცნობა, რომ იგი არის ვეგანი (ამდენად, იკვებება მხოლოდ მცენარეული ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით) და ითხოვა სპეციალური კვების რაციონით უზრუნველყოფა. თუმცა, სხვა პატიმრებისაგან განსხვავებით, დაწესებულებაში ვეგანებისთვის არ არსებობდა მათ მოთხოვნებზე მორგებული მენიუ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვეგანი პატიმარი იძულებული იყო, ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული საკვებიდან აერჩია მხოლოდ ის მცირე ნაწილი, რაც თავსებადი იყო მის მსოფლმხედველობასთან, რის შედეგადაც იგი ვერ იღებდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საკმარის კომპონენტებს (ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალურ ნივთიერებებსა და ვიტამინებს). ხსენებულიდან გამომდინარე, მოსარჩელე დავობდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში, იგი იყო მსოფლმხედველობის, კერძოდ, ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი", - წერს საია.

საია აღნიშნავს, რომ აღნიშნული საქმე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ უშუალოდ მოსარჩელის დარღვეული უფლებების აღდგენა, არამედ მიღებული გადაწყვეტილება გახდება პენიტენციურ დაწესებულებებში კვების საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციების გადახედვის საფუძველი.

ორგანიზაციის ცნობით, ეს არის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლომ ვეგანობისნიშნით დაადგინა დისკრიმინაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი