მკვლელობა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში - ქალი, სავარაუდოდ, დაყაჩაღების დროს მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მათი თანასოფლელი ღამე მაღაზიიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც უცნობმა პირმა, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
სოფელში გარდაცვლილის ცხედარი დილით იპოვეს. მოკლულის ოჯახის წევრი ვარაუდობს, რომ მკვლელობა დაყაჩაღების მცდელობას უკავშირდება. ოჯახს თავდაპირველად უთხრეს, რომ ქალს მანქანა დაეჯახა. ექსპერტიზაზე გადასვენების შემდეგ კი შეატყობინეს, რომ ქალს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული. ამიტომ, გარდაცვლილის ახლობლები ვარაუდობენ, რომ დაყაჩაღება სცადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.