
ქვეყნის პირველი პირი, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კრიტიკული მედიის ჟურნალისტების უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. პრემიერმა გუშინ ერთ-ერთი ღონისძიება ისე დატოვა, რომ ამ თემაზე დასმულ კითხვას არ უპასუხა.
მედიის კითხვებს გაექცა ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანიც. მან ერთ-ერთ ღონისძიებაზე "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ემა გოგოხია "მოიკითხა" და ჰკითხა, როგორ იყო, შემდეგ კი პასუხებს თავი აარიდა.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა და პროპაგანდისტმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა" გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, სადაც "მთავარი არხის" გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტების და პროდიუსერის დაგეგმვის პროცესია ასახული. მათი საუბარი სავარაუდოდ 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში ჩაიწერეს, სწორედ ამ დროს არის გასული ის რეპორტაჟი, რომლის შესახებაც ისინი მსჯელობენ. სიუჟეტი სუს-დან გამოჟონილ ფაილებს ეხებოდა, კონკრეტულად როგორ იყენებს ხელისუფლება ნასამართლევ ადამიანებს არჩევნების დროს ხმების მოსაგროვებლად.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფაქტზე გამოძიება დაიწყო.