მივიღეთ მიხეილ ჩინჩალაძის მიერ პრივატიზებული სასამართლო - ყოფილი მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე ფეისბუქით ეხმაურება მოსამართლე ჩხიკვაძის დღევანდელ განცხადებას და მას აშშ-ს ელჩის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიად თვლის. ალავიძე წერს, რომ 22 წლიანი სამოსამართლეო კარიერის მანძილზე, არ ახსენდება აშშ-ს, ან ევროკავშირის მხრიდან ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის პრეცედენტი. ალავიძე ჩხიკვაძის საქციელს ქვეყნის ღალატად აფასებს დაწერს:

"მსურს გამოვეხმაურო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას
22 წელი ვიმსახურე საჯარო სამსახურში და არ მახსენდება არცერთი ფაქტი ამერიკის შეერთებული შტატების ან ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან პირდაპირი ან ირიბი ჩარევისა მართლმსაჯულების განხორციელებაში, სამაგიეროდ მახსენდება ძალიან ბევრი შემთხვევა მოქმედი თუ წინა ხელისუფლების პოლიტიკური ისტებლიშმენტის მხრიდან. აქამდე ამაზე სერიოზულად არავის არ უსაუბრია და დღესაც ვერ ბედავენ მოსამართლეები, მათ შორის მეც კონკტეტულ ფაქტებზე საუბარს, ამის მიზეზი მრავალია, მათ შორის მთავარი ის არის. რომ ჩვენ ვცხოვრობთ კრიმინალურ სახელმწიფოში, ტყუილში, სიბინძურეში და ძალიან მარტივად გაგაქრობენ თუ კარგად მოინდომებენ. რა თქმა უნდა ახლა უფრო თავისუფალი ვარ და ამიტომ უფრო მეტის თქმა შემიძლია. ასეული მილიონობით ლარი დახარჯა ამერიკის მთავრობამ, ევროკავშირმა და ცალკეულმა ევროპულმა ქვეყნებმა. რათა საქართველო ფეხზე დამდგარიყო და ქონოდა ისეთი სასამართლო, რომელიც დააკმაყოფილებდა ევროპულ სტანდარტებს, ამის სანაცვლოდ მივიღეთ მიხელ ჩინჩალაძის მიერ პრივატიზებული სასამართლო. სულელი თუ დაიჯერებს იმას, რომ ამერიკის ელჩი კარნახობს დღეს მოსამართლეს რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. იმ პირობებში, როდესაც ქართველი მოსამართლე არ აპროტესტებს კლანის ყოველდღიურ ჩარევას სამოსამართლეო საქმიანობაში და ელჩს უყენებს დაუსაბუთებელ ბრალდებას, ეს არის სამარცხვინო საქციელი და ქვეყნის ღალატი." წერს ბესარიონ ალავიძე.

შეგახსენებთ, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადება სამთავრობო მედიებმა გაავრცელეს, სადაც ჩხიკვაძე ადასტურებს, რომ სწორედ ამ საქმის განაჩენის შემდეგ ამოიღეს ის აშშ-ში წამსვლელთა სიიდან.

მისი თქმით,  "რუსთავი 2"-ის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, კერძოდ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და რატომ გამოიყენა სასჯელად პატიმრობა. 

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბესარიონ ალავიძე სასამართლო კლანზე წერს. მან განცხადება 28 ივნისსაც გაავრცელა, სადაც ივანიშვილს მიმართავდა და მას აკისრებდა პასუხისმგებლობას "სასამართლო კლანის უვადოდ ჩაბეტონებაში".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი