სოსო გოგაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა და დაადასტურა, რომ მას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. ე.წ. მოდულის შენობა ქეთევან ხვედელიანმა ცოტა ხნის წინ დატოვა და როგორც მედიასთან აღნიშნა, სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს სავარაუდოდ დაკავების დროს, მიღებული აქვს სახის, ზურგისა და მუხლის არეში დაზიანებები, რომლებიც ექიმებმა უკვე შეაფასეს და სახალხო დამცველის აპარატი დასკვნას გამოითხოვს.
ამჟამად გოგაშვილთან მისი ადვოკატი იმყოფება.
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი წინასწარი დაკავების იზოლატორში, სწორედ მისივე ყოფილი სამსახურის შენობაში გადაიყვანეს და ის ბრალის ოფიციალურად წარდგენის მოლოდინშია.
შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, სპეცოპერაციით დააკავეს. სპეცოპერაცია თბილისში, გოგაშვილის სახლში გვიან ღამით დაიწყო. ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების კადრები მისმა მეუღლემ გაავრცელა.
სპეცოპერაცია თბილისის გარდა,ჩატარდა სხვადასხვა ადგილას. გაჩხრიკეს გოგაშვილების სახლები აჭარასა და კახეთშიც.
კერძოდ, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა გონიოში, გოგაშვილის შვილის, ნინი გოგაშვილის სახლში. ასევე, თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ბინაში, სადაც მისი მეორე შვილი ნიკა გოგაშვილი ცხოვრობს.
პოლიციამ გაჩხრიკა გოგაშვილის მძღოლის სახლიც, ასევე სასტუმრო სიღნაღში.
სამართალდამცველებმა სახლებიდან მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, მეხსიერების ბარათები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები წაიღეს.