სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი, მამამისის საქმეს შეკერილს უწოდებს. გოგაშვილის თქმით, სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს სასამართლოზე საუბრის შესაძლებლობას არ აძლევდნენ, რადგან სიმართლის მოსმენის ეშინიათ.
"სირცხვილია, ვიცე-პოლკოვნიკს ედავებიან, რატომ ამხილე რუსი ჯაშუშებიო, ეს ხო სასაცილოც აღარ არის. შეკერილი საქმეა, თქვენც ხო მოისმინეთ, რომ არ აცადეს ლაპარაკი, არ უნდათ რომ თქვას სიმართლე, იმიტომ რომ ეშინიათ, რცხვენიათ მაგ სიმართლის, იციან რომ ეს არის შეკერილი საქმე", - თქვა ნიკა გოგაშვილმა.
ცნობისთვის, გოგაშვილის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. პროკურატურის შუამდგომლობით მოსამართლემ სხდომა დახურა. უწყება გოგაშვილისთვის პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარე სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს - 50 000 ლარს შესთავაზებს.
გოგაშვილს ოფიციალურად ბრალი გუშინ, 17 ივლისს წარუდგინეს. როგორც ცნობილია, გამოძიება მას სამ ეპიზოდს ედავება, მათ შორისაა პირადი მონაცემების ხელყოფა, უფლებამოსილების გადამეტება და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. გოგაშვილი ბრალს არ აღიარებს.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილი 16 ივლისს გვიან ღამით საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოსო გოგაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა.