მკვლელობა ზესტაფონში - შსს-მ 1 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 15 ივლისს მოხდა. დაკავებულია 54 წლის პირი, რომელიც 40 წლის მამაკაცის მკვლელობაშია ბრალდებული. განზრახ მკვლელობის გარდა, მას ასევე ბრალად ედება ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა [ვ.ც.] მიმდინარე წლის 15 ივლისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ვალთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ნაცნობს - 1982 წელს დაბადებულ ბ.ა.-ს, რომელიც თავის კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ვ.ც.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო. კერძოდ, გარდაცვლილი მძღოლი მგზავრის სავარძელზე გადაიყვანა, მისი ავტომანქანის საჭესთან თავად დაჯდა, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტომობილი ხევში გადააგდო, შემდეგ სალონში ცეცხლი გააჩინა და მიიმალა." აცხადებს შსს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ვ.ც. ჭიათურის მუნიციპალიტეტში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურების ფაქტზე [108-ე და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი].
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.