
დღეს სააპელაციო სასამართლო "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მიმართ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილ პოლიტიკურ განაჩენზე იმსჯელებს. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული. პროცესს თავად ნიკა გვარამიაც დაესწრება.
"დღეს გაიმართება პირველი სხდომა სააპელაციო სასამართლოში, დაიწყება ჩვენი და პროკურატურის საჩივრების განხილვა, რეალურად ეს საქმე არის ნათელი მაგალითი საქმის გაყალბების და პოლიტიკური დევნის და ეს საქმე ასეთად არის შეფასებული არა მხოლოდ ჩვენ მიერ ან საქართველოში მოქმედი არასამთავრობოების მიერ, არამედ უკვე საერთაშორისო არენაზეც.
არ ვიცი სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ერთადერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ეს იქნება პოლიტიკური მართლმსაჯულების გაგრძელება და დაკვეთის შესაბამისად იმოქმედებენ", - ამბობს ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი.
ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილი ამბობს, რომ მას წინასწარ არანაირი მოლოდინი არ აქვს. ოჯახს იმედი აქვს, რომ სისტემაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ისევე ედარდებათ თავიანთი ქვეყანა, როგორც ნიკა გვარამიას.