იმედი მაქვს, სააპელაციოში მოხდება პირველი ინსტანციის მართლმსაჯულების ხარვეზების გამოსწორება - ლომჯარია ნიკა გვარამიაზე

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია კვლავ მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, რომ განიხილოს ომბუდსმენის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. ნინო ლომჯარიას იმედი აქვს, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის მართლმსაჯულების ხარვეზებს გამოასწორებს.

"ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალი იყო სრულიად დაუსაბუთებელი და სასამართლომ ისე გამოიყენა მის მიმართ პატიმრობა, რომ საერთოდ არ დაასაბუთა ის მსჯავრი. ვფიქრობ, რომ აპელაციას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელოს სახალხო დამცველის მიერ პირველ ინსტანციაში წარდგენილ ამიკუსზე, ასევე, იმ სამართლებრივ შეფასებაზეც, რაც გავაკეთეთ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და დიდი იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლოში მოხდება პირველი ინსტანციის მართლმსაჯულების ხარვეზების გამოსწორება. 

კვლავ მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, რომ განიხილოს ის შუამდგომლობა თავისი დასაბუთებული არგუმენტაციით, რაც სახალხო დამცველმა მას წარუდგინა და ვფიქრობ, რომ როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებების ძალიან უხეშ დარღვევას, იქ რაღაც პოლიტიკური მიზანშეწონილობით არ უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება", - ამბობს ნინო ლომჯარია. 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაჩენის დასაბუთება გამოაქვეყნა სახალხო დამცველმა პრეზიდენტს მიმართა შეეწყალებინა ნიკა გვარამია. ომბუდსმენის განცხადებით, სასამართლომ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს თავი აარიდა, ხოლო განაჩენი არსებითად დაუსაბუთებელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი