
სახალხო დამცველი "მთავარი არხის" ჟურნალისტების საუბრის უკანონო ჩანაწერების გავრცელების საქმეზე ობიექტურ და სამართლიან გამოძიებას ითხოვს. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ გიორგი გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" მიერ გასულ კვირას გავრცელებული უკანონო ჩანაწერი და მასზე სამართლებრივი რეაგირება სახალხო დამცველის აპარატისთვის ახლა პრიორიტეტული საკითხია.
"ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვნახეთ, რომ ხდება ფარული მიყურადება მედიის წარმომადგენლების, ამიტომ მე ვფიქრობ, ყველას გვაქვს ასეთი განცდა, რომ ყველა ისმინება, ყველა ადამიანი, ვინც შეიძლება იყოს ხელისუფლების ოპონენტი, განსაკუთრებული სამიზნე არიან, რა თქმა უნდა, კრიტიკული მედიის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ვითხოვ ობიექტურ და ეფექტურ გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე დიდი იმედები არც ამ მიმართულებით გვაქვს ეფექტური გამოძიების, თუმცა ჩვენ ჩართულები ვართ და ეს საქმე იქნება ჩვენი მხრიდან ერთ-ერთი შესწავლის საგანი", - ამბობს ნინო ლომჯარია.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა და პროპაგანდისტმა "უცნობმა" აუდიოჩანაწერები 13 ივლისს გაასაჯაროვა. აუდიოჩანაწერში ისმის გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტებისა და პროდიუსერის საუბარი და გადაცემის დაგეგმვის პროცესი.
მათი საუბარი სავარაუდოდ 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში ჩაიწერეს, სწორედ ამ დროს არის გასული ის რეპორტაჟი, რომლის შესახებაც ისინი მსჯელობენ. სიუჟეტი სუს-დან გამოჟონილ ფაილებს ეხებოდა, კონკრეტულად როგორ იყენებს ხელისუფლება ნასამართლევ ადამიანებს არჩევნების დროს ხმების მოსაგროვებლად.
უკანონო მოსმენებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.