კანონიერი ქურდის, ე.წ. ბონჩოს მიერ დაგეგმილი სასტიკი მკვლელობა ფოთში

გამოქვეყნდა:

სახეზე ჭრილობები, მთელს სხეულზე უამრავი დაზიანება, მოტეხილი კიდურები და მუხლებზე ცეცხლნასროლი ჭრილობები - ფოტოები, რომელიც "მთავრმა არხმა" მოიპოვა, 44 წლის ვაჟა ტყებუჩავას ექსპერტიზის შემდეგ არის გადაღებული. სანახავად ძალიან მძიმეა, თუმცა კარგად ასახავს მკვლელობის სისასტიკეს. 

ფოთის ცენტრში ვაჟა და გივი ტყებუჩავებს თავს ხუთი პირი დაესხა. საღამოს ექვსი საათისთვის მათ ავტომობილს თეთრი ფერის მიკროავტობუსი დაეწია, გზა ჩაუღობეს, მივიდნენ, მამა-შვილს სასტიკდ სცემეს, ვაჟა ტყებუჩავა თავიანთ ავტომობილში ჩაისვეს და წავიდნენ. ტყებუჩავა შვილს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა. ბოლოს კი პოლიციელებმა მისი მკვლელობის შესახებ შეატყობინეს. 

რა ტერიტორიაზე ესროლეს დამნაშავეებმა ტყებუჩავას არავინ იცის, თუმცა პირველი თავდასხმიდან რამდენიმე წუთში, თეთრი ფერის მიკროავტობუსით ნაგავსაყრელთან ახლოს, გარკვეულ ტერიტორიაზე მივიდნენ. უკვე ნაცემი და დაჭრილი ტყებუჩავა მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკური ძალადობა  გააგრძელეს. ურტყავდნენ ხელკეტებსაც. არავის მორიდებიან, იქ მცხოვრებლებმა ყველაფერი დაინახეს.

სასწრაფომ ტყებუჩავა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. ყველა ძვალი მოტეხილი და მრავლობითი დაზიანებები თავის არეში სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა ტყებუჩავას მკვლელობა ფოთელმა კანონიერმა ქურდმა ჯუმბერ ბაირამიდმა იგივე ბონჩომ შეუკვეთა. მუხლებში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებიც ამის დასტურია, ქურდულ სამყაროში ეს დასჯის ერთ-ერთი ფორმაა. კანონიერი ქურდი და მოკლული ტყებუჩავა ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ, ღიად არ ამბობენ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ბოლო წლებში დაპირისპირებულები იყვნენ. 

კანონიერი ქურდის სახლში ახლა არავინ ცხოვრობს, რამდენიმე წლის წინ მისი ძმაც ქურდად მონათლეს და საქართველოდან ისიც წავიდა. კრიმინალურმა ავტორიტეტმა ტყებუჩავას ლიკვიდაცია საკუთარ დაჯგუფებას დაავალა. ახლა სასტიკ მკვლელობაში მონაწილე ხუთივე პირი იმალება. ცნობილია რამდენიმეს ვინაობა, ერთ-ერთან სახლში მივედით, თუმცა ოჯახმა არ გვითხრა, იციან თუ არა რამე დანაშაულის შესახებ. 

სასტიკი მკვლელობის საქმეზე, რომელიც დღის საათებში მოხდა დაკავებული არავინაა. სამართალდამცავები
დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებენ, პოლიციამ უკვე ამოიღო კამერების ჩანაწერებიც. გამოძიება განზრახ მკვლელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის მუხლებითაა დაწყებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი