მოულოდნელი აღიარება შაქარაშვილის საქმეში

გამოქვეყნდა:

მოულოდნელი აღიარება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში. საჯარო განცხადებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის უფროსი ადასტურებს, რომ ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მისი ნათესავია. მაგრამ, მხოლოდ ეს ინფორმაცია არ არის ნინო გიორგობიანის გზავნილიდან გამომდინარე მთავარი ფაქტი. უწყების მაღალჩინოსანი აქვე ადასტურებს, რომ ბრეგვაძე არის ერთდერთი ადამიანი, რომელმაც ადგილზე პოლიცია გამოიძახა. 

შეცვლის თუ არა გამოძიებაში რაიმეს ნინო გიორგობიანის მიერ საკუთარ "ფეისბუქზე" დაწერილი პოსტი, ჯერ-ჯერობით, უცნობია. თუმცა, ეს შეიძლება მივიღოთ ერთ-ერთ დადასტურებად, რაზეც მთელი კვირაა, თითქმის ყველა მედიასაშუალება საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ამას ოფიციალურად არ ადასტურებდა. 

გიორგობიანის სტატუსის მიხედვით, შეგვიძლია დავადასტუროთ ის ფაქტი, რომ 18-19 ივნისის ღამით, მცხეთაში, მდინარე არაგვზე გამავალი ხიდის ბოლოდან, იქ სადაც იმალებოდა იაკობ ბრეგვაძე, პოლიცია ნამდვილად იყო გამოძახებული. შესული იყო შეტყობინება 112-ში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით, ამის შემდეგ ნამდვილად მივიდა ადგილზე პოლიცია, თუმცა, იაკობ ბრეგვაძეს თბილისამდე გზაში არაფერი არ კითხეს იმასთან დაკავშირებით, რა ჩხუბი იყო, ვინ ჩხუბობდა ან რა მოხდა ამ ტერიტორიაზე. 

"ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი, უფრო ზუსტად მამაჩემის დის შვილიშვილი. დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე, უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას.

იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, როგორ ხდება მის მიმართ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და როგორც ჩანს ახლა ახალი კამპანიის აგორება არის გადაწყვეტილი.

ამასთან ერთად, მოსალოდნელი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ განვაცხადო, რომ იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, მე მხოლოდ 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე, რისი გადამოწმებაც, უმარტივესად არის შესაძლებელი.

არ გამოგივათ! იაკობ ბრეგვაძე დაზარალებულია! დარწმუნებული ვარ გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს", - წერს გიორგობიანი. 

იაკობ ბრეგვაძის გარდა, მთელი კვირის განმავლობაში, არ წყდება ინტერესი საქმის მეორე დაზარალებულზე და გამოძიების ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე, გურამ ამირხანაშვილზე. ათტომიან საქმეში ამირხანაშვილის რამდენიმე ჩვენება დევს, მათ შორის ამოცნობის ოქმები, თუმცა, მის ჩვენებებში გარკვეული ცდომილებები არსებობს. 

გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით ათ დღეზე მეტია, მიმდინარეობს. დაკავებულია 17 პირი, თუმცა ჯერ-ჯერობით ისევ არ არის პასუხი გაცემული საქმის მთავარ კითხვებზე - რა ვითარებაში და როგორ გარდაიცვალა გიორგი შაქარაშვილი. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი